თაზო დათუნაშვილი - „ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული ფასების შემცირების ნაცვლად, ყველაფერი მიმდინარე თვეშიც გაძვირდა - კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს - Palitra News

თაზო დათუნაშვილი - „ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული ფასების შემცირების ნაცვლად, ყველაფერი მიმდინარე თვეშიც გაძვირდა - კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს

2026-08-03 16:10:01+04:00

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი ეს ეპოპეა, პრემიერ-მინისტრის ტყუილები, საპარლამენტო კომისიები, სუს-ის გამოძიებები, სამთავრობო საბჭოები იყო თავიდან ბოლომდე მტკნარი სიცრუე და ემსახურებოდა მხოლოდ პროპაგანდას და არა საქართველოს მოქალაქეებს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა პროდუქტებზე ფასების ზრდაზე და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული ფასების შემცირების ნაცვლად, საქართველოში ყველაფერი მიმდინარე თვეშიც გაძვირდა. როგორც თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, საქსტატის ცნობით, ივლისის თვეში წლიური ინფლაცია 5.5% იყო.

„უფრო კონკრეტულად, 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით: დიზელის საწვავი გაძვირდა 36%-ით; ბენზინი - 23%-ით; თევზეული 18%-ით; ხორცი 9%-ით; პური 8%-ით; ხილი 6.5%-ით; ზეთი 7.6%-ით.

დღეს უკვე კიდევ ერთხელ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი ეს ეპოპეა, პრემიერ-მინისტრის ტყუილები, საპარლამენტო კომისიები, სუს-ის გამოძიებები, სამთავრობო საბჭოები იყო თავიდან ბოლომდე მტკნარი სიცრუე და ემსახურებოდა მხოლოდ პროპაგანდას და არა საქართველოს მოქალაქეებს.

„ძლიერი საქართველო - ლელო“ კიდევ ერთხელ ვეუბნებით ხელისუფლებას, პროდუქტებზე კიდევ უფრო გაძვირებული ფასის და აბსოლუტურად ყველა სასურსათო პროდუქტზე ცეცხლწაკიდებული ფასის გათვალისწინებით, შეამცირონ აქციზის გადასახადი საწვავზე. საწვავზე აქციზის გადასახადის შემცირება გამომდინარე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა, არის აუცილებელი ღონისძიება იმისთვის, რომ ეს კასკადურად აბსოლუტურად ყველა სასურსათო პროდუქტზე აისახოს. ეს არის პირველი და მთავარი გადაწყვეტილება. ამის მიღმა, უნდა შემცირდეს დღგ-ს გადასახადი სასურსათო პროდუქტებზე ისე, როგორც ეს არის ცივილიზებულ ქვეყნებში და პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების დღგ არა 18%, არამედ საშუალოდ 5-6% იყოს. ეს არის ის ღონისძიებები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მისცემს შვებას და საქართველოს მთავრობას მათ შორის მისცემს შესაძლებლობას, რომ დროებით ტვირთი შეუმციროს მოქალაქეებს, მაგრამ საქართველოს მთავრობა ფიქრობს ელექტროსისტემის კორუმპირებულ ხელმძღვანელებზე, რკინიგზის კორუმპირებულ ხელმძღვანელებზე, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეზე, მაგრამ არცერთი წუთი არ ფიქრობს საქართველოს მოქალაქეებზე.

ინფლაცია ურტყამს პირდაპირ მოქალაქეებს, მაგალითად პენსიონერებს, 800 000-ზე მეტს ადამიანს, რომელსაც მხოლოდ 20 ლარით გაუზარდეს პენსია, მაგრამ არ დაიშურეს პრემიების და ხელფასების ზრდა მაგალითად საქართველოს ენერგოსისტემაში, რომელმაც ორჯერ ჩააბნელა საქართველო უახლოეს პერიოდში, არ დაიშურეს ხელფასების ზრდა საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის, მაგრამ ბიუჯეტში ფული ვერ იპოვეს, იმ ბიუჯეტში, რომელზეც თავად ამბობენ, რომ გაიზრდება და ეკონომიკური დოვლათი იმატებს ამ ქვეყანაში, 20 ლარზე მეტით ვერ გაზარდეს პენსია“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში მედიანური ხელფასი, რეალური ხელფასი, რომელიც აქვს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას, არის 1 332 ლარი და ნაკლები. დათუნაშვილის განმარტებით, 2026 წლის ივნისში, საქართველოში სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა 110 ათასმა ადამიანმა, თვიური ანაზღაურების სახით 600 ლარზე ნაკლები ხელფასი აიღო. 600 ლარზე ნაკლებ ხელფას იღებს შრომაში, სრულფასოვან შრომაში.

„ამ ქვეყანაში არ გაითვალისწინო, რომ დღგ-ს გადასახადი დასაწევია, რომ საწვავზე აქციზი შესამცირებელია, ეს არის ამ ქვეყნის და მისი მოქალაქეების ინტერესების ღალატი!

გამოსავალი არის „ქართული ოცნების“ მოშორება, კორუფციული სისტემის მოშორება, რეალური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რომელიც ფაქტობრივად, განულებულია საქართველოში, ანაკლიის პორტის მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზება და ამ ყველაფრის საპირისპიროს აკეთებს ივანიშვილის და კობახიძის დანაშაულებრივი დაჯგუფება.

კიდევ ერთხელ და პირდაპირ ვამბობ, კობახიძე არის პასუხისმგებელი ამ ტყუილზე, რომელიც, ფაქტობრივად, თვეებია გრძელდება და კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს საქართველოს მოქალაქეების მოტყუებისთვის, რომ რაიმე უნარი გააჩნდა საქართველოში ფასების შემცირების“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.