პრემიერ-მინისტრი - ნამდვილად საჭიროა ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე რეაგირება - თუ ამისთვის საჭირო იქნება კანონის მიღება, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა - Palitra News

პრემიერ-მინისტრი - ნამდვილად საჭიროა ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე რეაგირება - თუ ამისთვის საჭირო იქნება კანონის მიღება, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა

2026-08-03 16:50:59+04:00

ნამდვილად საჭიროა ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე რეაგირება - ყველა ზომა უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ ასეთ პროცესებს დავუპირისპირდეთ და თუ ამისთვის საჭირო იქნება კანონის მიღება, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა, - ეს განცხადება დღეს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის თქმითვე, კანონის მიღებას ის ადამიანები აპროტესტებენ, ვინც ქვეყანაში სიძულვილს და აგრესიას თესავენ.

“ჩვენ კანონპროექტზე ჯერ არ გვიმსჯელია. შემიძლია ერთადერთი რამ გითხრათ - ნამდვილად საჭიროა ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე რეაგირება.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის სიძულვილის ხელოვნურად თავს მოხვევა არ დავუშვათ. ამისთვის შესაბამისი კანონები მივიღეთ. იცით, რომ ესეც კი გააპროტესტეს - კანონი, რომელიც საზოგადოებისთვის სიძულვილის თავიდან არიდებას ემსახურება, ესეც ღიად გააპროტესტეს და იმის ღიად თქმას არ მოერიდნენ, რომ სიძულვილს ისინი თესავენ. ვინც კანონის მიღება გააპროტესტა სწორედ ისინი თესავენ ქვეყნის გარედან და შიგნიდან სიძულვილს და აგრესიას.

რაც შეეხება კონკრეტულად წმინდანების, ჩვენი დიდი მეფეების და საზოგადო მოღვაწეების შეურაცხყოფას, ესეც დაკვეთილი კოორდინირებული ქმედებათა ჯაჭვია. ესენი უბრალოდ უნიჭო ადამიანები არ არიან. არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებენ. მათი დაკვეთის არსი მარტივია - მათ ჩვენი ეროვნული იდენტობის შესუსტება უნდა სცადონ! ამისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს. ყველა ზომა უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ ასეთ პროცესებს დავუპირისპირდეთ, თუ ამისთვის საჭირო იქნება კანონის მიღება, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, გასულ კვირას, ახალი საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ქართული იდენტობის, ეროვნულ ერთობისა და სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ითხოვს. ჯგუფის წევრები მსახიობი გიორგი შანიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია არიან.

მანამდე, MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა მოძრაობა, რომელიც მისი განმარტებით, „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით შეიქმნა“.