ჰორმუზის სრუტეში დარტყმა კიდევ ერთ ტანკერს მიაყენეს, - ამის შესახებ რეგიონში საზღვაო მოძრაობის მონიტორინგის ორგანიზაცია - გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციები - იუწყება.
ორგანიზაციის ცნობით, სატვირთო გემმა საგანგებო სიგნალი გაავრცელა და განაცხადა, რომ ჭურვი მოხვდა. გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ინფორმაციით, ტანკერს დარტყმა მიაყენეს ომანის ქალაქ ალ-ხასაბიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 20 საზღვაო მილის (37 კილომეტრის) დაშორებით, ჰორმუზის სრუტის სამხრეთ ნაწილში.
ორგანიზაციაში არ აკონკრეტებენ, ვინ არის პასუხისმგებელი თავდასხმაზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ომანის მახლობლად გემებზე თავდასხმების შემთხვევები გახშირდა.