რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის მზად არის, იმ პირობით, თუ დასავლეთის ქვეყნები საკითხს კონსტრუქციულად და პასუხისმგებლობით მიუდგებიან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა.
„ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და ღია ვართ საკითხის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისთვის. ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია. თუმცა, მოლაპარაკებების პროცესს სწორედ მეორე მხარე - უკრაინა - ტოვებდა; ხან თავად გადიოდა მოლაპარაკებებიდან, ხან კი საკუთარ თავსვე უკრძალავდა მათ გამართვას. რბილად რომ ვთქვათ, მისი ქმედებები არათანმიმდევრული იყო,“ - განაცხადა გალუზინმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, თუ დასავლეთში, უკრაინის მხარდამჭერ ბანაკში გააცნობიერებენ, რომ აუცილებელია პატიოსანი და კონსტრუქციული დიალოგი, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას, მაშინ შესაძლოა, „დიალოგის პერსპექტივები გაჩნდეს“.
„თუ ასეთი მზადყოფნა არ იქნება, თუ არ იქნება მზადყოფნა იმის უზრუნველსაყოფად, რომ კიევის რეჟიმმა შეასრულოს ის შეთანხმებები, რაზეც მისი დასავლელი სპონსორები ჩვენთან შეთანხმდნენ, მაშინ გავაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. გავაგრძელებთ კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრისკენ მიმართულ მოქმედებებს და ჩვენი ინტერესების სამხედრო გზით დაცვას - მიზანმიმართული და ეფექტიანი მოქმედებებით, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნგრევა და დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეები საბრძოლო მოქმედებების ხაზის ორივე მხარეს“, - აღნიშნა გალუზინმა.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით დასავლეთისგან კონსტრუქციული იდეები ჯერ არ მოუსმენია.
„ჩვენ ჯერ არ მოგვისმენია [უკრაინასთან დაკავშირებით] მეორე მხრიდან - დასავლეთისა და შესაბამისი დასავლური ქვეყნების მხრიდან. პირიქით, ზოგჯერ დასავლეთი ულტიმატუმების ენით იწყებს საუბარს, იმის წარმოდგენით, რომ შედეგს გამოიღებს რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული გამოფიტვის ომი და ჰიბრიდული ომი, რომელსაც ისინი სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის ეკონომიკური საშუალებებით, ცდილობენ აწარმოონ. კერძოდ, არაკეთილსინდისიერი მეთოდებით, რომლებიც მიზნად ისახავს ეკონომიკური უპირატესობის მოპოვებას არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და მექანიზმებზე გავლენის ბოროტად გამოყენების გზით“, - აღნიშნა გალუზინმა.