ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის სახმელეთო ჯარებისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე სტრუქტურის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციები დაწესდა ირანის, ჩრდილოეთ კორეასა და სირიასთან დაკავშირებით ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიების გაუვრცელებლობის შესახებ აშშ-ის კანონის საფუძველზე. გამოქვეყნებული სია მოიცავს 1061-ე ლოგისტიკის ცენტრს; სახმელეთო ჯარებს; რაკეტებისა და არტილერიის მთავარი დირექტორატს და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს. სანქციები აშშ-ის ყველა ფედერალურ უწყებას უკრძალავს შეიძინოს ნებისმიერი საქონელი, ტექნოლოგიები ან მომსახურება ჩამოთვლილი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისგან. აშშ-ის უწყებებს ასევე ეკრძალებათ მათთვის რაიმე სახის მხარდაჭერის გაწევა, სამხედრო პროდუქციის მიწოდება ან ლიცენზიების გაცემა. ზომები ძალაში ორი წლის განმავლობაში დარჩება.