ირაკლი კობახიძე - გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ - ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“ - Palitra News

ირაკლი კობახიძე - გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ - ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“

2026-08-04 10:28:16+04:00

2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში წერს.

კობახიძის განცხადებით, „ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარი „რუსოფობები“ არიან, აგვისტოს ომიდან მალევე, საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თუ კულტურული კავშირების გაღმრავებას მიესალმებოდნენ“.

„შეგახსენებთ, რომ არც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენელთაგან და არც მათ მიმდევართაგან აღნიშნული პოლიტიკის მიმართ პროტესტი მაშინ არავის გამოუხატავს. მეტიც, ყველას გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ - ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“ და რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია.

ფაქტია, რომ ეს პოლიტიკური ძალები, მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა აქტიური მიმდევრები, რომლებიც გარედან მართულ აგენტურად - ერთიან რადიკალურ ძალად ჩამოყალიბდნენ და არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოში მხოლოდ გარე ძალების ინტერესების გატარებით არიან დაკავებული, ანტირუსულ აგრესიას 2008-2012 წლებში არ შეუწუხებია. ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა. აშკარაა, რომ გლობალურ ომის პარტიას სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა”, - აცხადებს კობახიძე.

მისივე განცხადებით, საქართველოში გარე ძალების დავალებების შემსრულებელ აგენტურაზე კითხვები აუცილებლად უნდა დაისვას, რათა საზოგადოებამ აღნიშნულთან დაკავშირებით იმსჯელოს.

„ვფიქრობ, საკითხი, რომელზეც ახლა ვმსჯელობ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის დამატებით განმარტებას არ საჭიროებს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა გულწრფელი პატრიოტია, რაც ნათლად იკითხება მათი დაკვეთიდან ხელისუფლების მიმართ - ნებისმიერ ფასად დავიცვათ მშვიდობა, სახელმწიფო სუვერენიტეტი და ეროვნული ღირებულებები.

თუმცა, მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა, რომელზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ყველამ ვიცით, რომ როგორც წარსულში, ისე დღეს, აგენტურა საქართველოში გარე ძალების დავალებების შესაბამისად მოქმედებს და მათი სამშობლო არა საქართველო, არამედ „დიპ სტეიტია“. ამ ფონზე, საინტერესოა, რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა? ვფიქრობ, საზოგადოება ამ ალოგიკურობას ლოგიკურ ახსნას იოლად მოუძებნის“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.