„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის 11 აგვისტოს, ქალაქ სამტრედიაში მოხდა, გამოძიება განახლდა.
როგორც ნიკა მელიას ადვოკატი ბექა კვინიკაძე აცხადებს, გამოძიება თავის დროზე ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა პროკურატურამ ბრალის კვალიფიკაცია გადააკვალიფიცირა და გამოძიება საარჩევნო კამპანიაში ძალადობით ხელის შეშლის მუხლით გაგრძელდა.
მისივე შეფასებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ნიკა მელია დაახლოებით 2 კვირის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოიკითხა.
„ნიკა მელია სამტრედიაში იყო ჩასული ოფისის გახსნაზე, სადაც 200-მდე ადამიანს ხვდებოდა და ამ დროს მასზე განხორციელდა თავდასხმა. ეს მოხდა 2024 წლის 11 აგვისტოს.
იქ ნიკას ახლდა მეგობარი, რომელიც უსაფრთხოების კუთხით ეხმარებოდა მას, ეს პირი ჰყავდათ გამოკითხვაზე დაბარებული, ასევე დაბარებული ჰყავთ, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ცოტნე მირცხულავა, რომელიც იქ იმყოფებოდა, ანუ რეალურად საგამოძიებო მოქმედებები 2 წლის თავზე დაიწყო.
თავად ნიკასთან იყვნენ ორი კვირის წინ იყვნენ ისე, რომ მის ადვოკატებს არ გაგვაგებინეს. სიურპრიზის სახით შევიდნენ მასთან და ფორმალურად გამოიკითხა ნიკაც, მოწმის სტატუსით. დაზარალებულად ნიკა არ არის ჯერჯერობით ცნობილი ამ საქმესთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტთან დაკავშირებით თავის დროზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პროკურატურამ გადააკვალიფიცირა და ახლა მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც საარჩევნო კამპანიაში ძალადობით ხელის შეშლას გულისხმობს, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ მუხლი, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეალურად საქმე აღძრა, არასწორი იყო, რადგან წინასაარჩევნო კამპანია იყო და კამპანიის ფარგლებში მოხდა ძალადობა. პროკურატურამ სწორად გადააკვალიფიცირა. გამომძიებელი აცხადებს, თითქოს დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზას ელოდებოდნენ და ამიტომ გაიწელა გამოძიება დროში, მაგრამ რა საჭირო იყო, როდესაც პირი თვითონ, ვინც დანაშაული ჩაიდინა ჩადენილ ქმედებას აღიარებს? აქედან გამომდინარე, საერთოდ რა შუაში იყო ექსპერტიზის მოლოდინი, როცა შეიძლებოდა ექსპერტიზის დასკვნა მერეც დაერთოთ საქმეზე?
ამიტომ, დაგვიანებულია ყველა საგამოძიებო მოქმედება. გამოძიებას უნდა ჰქონდეს ერთადერთი მიზანი, როდესაც დანაშაული ხდება, რაც შეიძლება მყისიერად დადგინდეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ის პასუხისგებაში მიეცეს. ამიტომ, მოცემულ საქმეზე ეფექტურობა გამოძიებას დაკარგული აქვს, შედეგი რა იქნება ვერ გეტყვით, რასაც ინებებენ, ის შედეგი იქნება. თავდასხმა მოხდა პოლიტიკური ნიშნით. ჩვენებაში ქალბატონს ესეც დაფიქსირებული აქვს, რომ პოლიტიკური ნიშნით დაესხა ნიკა მელიას თავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას, უბრალოდ, რა თქმა უნდა, ზედამხედველობას უწევს პროკურატურა და საბოლოო გადაწყვეტილებას ის იღებს. რეალური საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო ახლა“,- განაცხადა ბექა კვინიკაძემ.