600-მდე დანიელმა წვევამდელმა ახალი, გახანგრძლივებული სავალდებულო სამხედრო სამსახური დაიწყო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, წვევამდელები 11-თვიან სამხედრო სამსახურს გაივლიან, რადგან დანია აჩქარებს თავდაცვის გაძლიერებას არქტიკის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.
დანია მიმდინარე თვის ბოლოს პირველად გეგმავს წვევამდელების გაგზავნას გრენლანდიაშიც. 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი ქვედანაყოფი ერთი თვის განმავლობაში პროფესიონალ სამხედროებს ჩაანაცვლებს და მათ ოპერატიულ ამოცანებს შეასრულებს. 2033 წლისთვის დანია წვევამდელთა წლიური რაოდენობის 5 000-დან 7 500-მდე გაზრდასაც გეგმავს.