ირაკლი ფავლენიშვილი - შეუძლებელია, ოკუპირებულ საქართველოში რუსოფობიაზე წუწუნი 7 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე შემთხვევითი იყოს - ეს არის გამიზნული, მორიგი მენტალური და პროპაგანდისტული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ - Palitra News

ირაკლი ფავლენიშვილი - შეუძლებელია, ოკუპირებულ საქართველოში რუსოფობიაზე წუწუნი 7 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე შემთხვევითი იყოს - ეს არის გამიზნული, მორიგი მენტალური და პროპაგანდისტული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ

2026-08-04 13:43:12+04:00

აგვისტოს ომის წლისთავამდე ცოტა ხნით ადრე ამ ნარატივის გავრცელება სწორედ ის არის, რაც კრემლს აწყობს და მის მიერ არის წაქეზებული. შეუძლებელია, ოკუპირებულ საქართველოში რუსოფობიაზე წუწუნი 7 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე შემთხვევითი იყოს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აგვისტოს ომის წლისთავის წინ „ქართული ოცნების“ მხრიდან „რუსოფობიაზე“ აპელირება კრემლის მიერ წაქეზებული პროპაგანდისტული სპეცოპერაციაა, თუმცა მიაჩნია, რომ ეს საზოგადოებაში ანტიოკუპაციურ განწყობებს ვერ შეცვლის.

„აგვისტოს ომის წლისთავამდე ცოტა ხნით ადრე ამ ნარატივის გავრცელება სწორედ ის არის, რაც კრემლს უნდა აწყობდეს და მის მიერ უნდა იყოს წაქეზებული. შეუძლებელია, ოკუპირებულ საქართველოში რუსოფობიაზე წუწუნი 7 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე შემთხვევითი იყოს, ეს არის გამიზნული, მორიგი მენტალური და პროპაგანდისტული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, თუმცა უნდა შეეგუონ, რომ ქართველ ხალხში ანტიოკუპაციურ განწყობებს ვერც დააჩლუნგებენ და ვერც დაანგრევენ.

2008 წლის შემდეგაც ყოველთვის იყო საუბარი რუსეთის ოკუპანტობაზე. მიხეილ სააკაშვილი სწორედ პუტინისა და რუსეთის საწინააღმდეგო მკვეთრი განცხადებებისა თუ რიტორიკის გამო იყო მიუღებელი პერსონა საგარეო პოლიტიკური კუთხით. ახლა კი ამბობენ, თითქოს ის რუსეთთან რაღაცებს აკეთებდა, რაც შეიძლება სხვანაირად აღვიქვათ. ეს სრულიად არაადეკვატური პროპაგანდაა, რადგან ეს კაცი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია, როგორც პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი. ადამიანზე, რომელსაც ზახაროვა და ლავროვი ყოველდღე აქებენ, ირაკლი კობახიძე და მისი დამქაშები იძახიან, თურმე რუსეთთან რაღაცებს აკეთებდაო!

როდესაც 2008 წლის შემდგომ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, ყველას ახსოვს, რაც ხდებოდა. არაღიარების პოლიტიკისთვის საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, მთავარი ბრალდება კი, რასაც მეხუთე კოლონის წარმომადგენლები ხელს უწყობდნენ და დღესაც იმავე ნარატივს ავრცელებენ, რითაც საქართველოს მტრობენ, ის იყო, თითქოს ომის დაწყება ჩვენი ბრალი გახლდათ. კობახიძისნაირი ადამიანების გამო, რომლებიც ამ ნარატივებს ავრცელებდნენ, იმის მტკიცება გვიწევდა, რომ ჩვენ რუსებს კი არ ვებრძვით, ქსენოფობიური დამოკიდებულება კი არ გვაქვს და „შარზე“ კი არ ვართ, არამედ შეგვიძლია, ისინი ჩვეულებრივ ტურისტებად მივიღოთ.

პირიქით, წინა ხელისუფლებას რიტორიკას უწუნებდნენ და ამბობდნენ, თითქოს ზედმეტად „ქსენოფობიურები“ იყვნენ, ახლა კი სრულიად ახალი ნარატივი შემოიტანეს. აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო იმის ჩვენება, რომ რუსეთის მიმართ აგრესიულად განწყობილები არ ვიყავით. ამას ხელი შეუშალა ევროპაში არსებულმა იმ ძალებმაც, რომლებიც არაადეკვატურად იყვნენ განწყობილნი რუსეთის მიმართ და მიაჩნდათ, რომ მას ჩვენს რეგიონში ლეგიტიმური ინტერესები ჰქონდა. აქედან გამომდინარე, მაშინდელი ხელისუფლება იძულებულიც იყო, კულტურული თუ ტურისტული მიმართულებით ეჩვენებინა, რომ ქსენოფობიურად და აგრესიულად განწყობილი არ გახლდათ“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყანაში „რუსოფობიის“ ხარისხზე ისაუბრა. მისი თქმით, „ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარი „რუსოფობები“ არიან, აგვისტოს ომიდან მალევე, საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თუ კულტურული კავშირების გაღრმავებას მიესალმებოდნენ“.

„2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა.

არც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენელთაგან და არც მათ მიმდევართაგან აღნიშნული პოლიტიკის მიმართ პროტესტი მაშინ არავის გამოუხატავს. მეტიც, ყველას გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ - ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“ და რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია“,- დაწერა ირაკლი კობახიძემ.