სსე-ის წარმომადგენელი სემეკის სხდომაზე - სისტემის გათიშვის წინასწარი შედეგები ჩირქს სცხებს „სახელმწიფო ელექტროსისტემას“, მისი, როგორც არაკომპეტენტურ და უუნარო ორგანიზაციად წარმოჩენა ხდება - კონკრეტულად რა ღონისძიებები უნდა მიგვეღო ჩვენ? - Palitra News

სსე-ის წარმომადგენელი სემეკის სხდომაზე - სისტემის გათიშვის წინასწარი შედეგები ჩირქს სცხებს „სახელმწიფო ელექტროსისტემას“, მისი, როგორც არაკომპეტენტურ და უუნარო ორგანიზაციად წარმოჩენა ხდება - კონკრეტულად რა ღონისძიებები უნდა მიგვეღო ჩვენ?

2026-08-04 16:15:05+04:00

[სემეკის] ეს წინასწარი შედეგები ჩირქს სცხებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, მისი, როგორც არაკომპეტენტურ და უუნარო ორგანიზაციის წარმოჩენა ხდება, - ამის შესახებ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის ხელმძღვანელმა ზურაბ მიქაიამ სემეკის სხდომაზე განაცხადა, სადაც 25 ივლისს მომხდარ სისტემურ ავარიასთან დაკავშირებით, საკითხის შემსწავლელი ჯგუფის პირველადი შედეგები განიხილეს.

ზურაბ მიქაია სხდომაზე მოითხოვა კონკრეტული მაგალითების დასახელება იმის თაობაზე, თუ რა რეაგირება უნდა მოეხდინა უშუალოდ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“.

„გასაგებია, რომ ეს არის წინასწარი შედეგები, უბრალოდ, მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს წინასწარი შედეგებიც გარეთ გადის. აქ არის ტელევიზია და ეს წინასწარი შედეგები ჩირქს სცხებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, მისი, როგორც არაკომპეტენტური და უუნარო ორგანიზაციის წარმოჩენა ხდება. უნდა გვითხრათ, კონკრეტულად, რა რეაგირება უნდა მოახდინა ელექტროსისტემას“, - იკითხა ზურაბ მიქაიამ სხდომაზე, რის შესახებაც ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

ამასთან, მიქაიას განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ მანამდე, 4 ივლისს, სხვა მოკლე ჩართვის დროს, გარკვეული დეფექტები აღმოაჩინა, ჩაატარა მონიტორინგი და 10 ივლისს „ენგურჰესს“ წერილიც მისწერა. თუმცა, სსე არ ეთანხმება საკითხს, რომ ენგურჰესის აგრეგატების ტესტირება მას უნდა ჩაეტარებინა.

„კონკრეტულად რა ღონისძიებები უნდა მიგვეღო ჩვენ? ჩვენ 10 ივლისს მივწერეთ წერილი და ეს წერილი არსებობს - „ენგურჰესში“ სსე-ს მიერ გაგზავნილი - რომ ჩვენი დეტექტორების მიერ დაფიქსირდა სამი აგრეგატის „შეშფოთება“. ჩამოთვლილიც იყო ეს აგრეგატები. ანუ დაფიქსირდა ძაბვის ავტომატური რეგულირების უწესრიგობა და ამაზე „ენგურჰესს“ უნდა მოეხდინა რეაგირება რაიმე პრობლემა ხომ არ იყო. წერილი მხოლოდ ამ მიზნით იყო გაგზავნილი“ - განმარტავს ზურაბ მიქაია.

თუმცა, სემეკის წარმომადგენლის განცხადებით, ქსელის წესების მიხედვით, წელიწადში ერთხელ სსე-ს აქვს უფლება ელექტროსადგურების აგრეგატები შეამოწმოს, რასაც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში არ ეთანხმებიან.

„ვერ დაგეთანხმებით, რომ სსე-მ სისტემაში არსებულ ყველა ელექტროგენერატორზე ძაბვის ავტომატური რეგულირების ტესტირება უნდა შეამოწმოს, ეს ქსელის წესების არცერთ პუნქტში არ წერია. არასწორი ფორმულირებაა“, - განაცხადა ელექტროსისტემის სადისპეტჩერო ცენტრის ხელმძღვანელმა.

თავის მხრივ, სემეკის მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა თორნიკე აფრიაშვილმა, კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ „ენგურჰესი“ საქართველოს ენერგოსისტემის საკვანძო ობიექტია, შესაბამისად, მისი აგრეგატების მიერ სიხშირისა და ძაბვის არასწორმა რეგულირებამ, შესაძლოა, მთელ ქსელში გამოიწვიოს რყევები, რაც, სავარაუდოდ, ივლისის ავარიების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორი გახდა“. მისი თქმით, სემეკის სამუშაო ჯგუფის მიერ „ენგურჰესის“ ჰიდროაგრეგატების ოსცილოგრამების შესწავლისას გამოიკვეთა ძაბვის ავტომატური რეგულირების ხარვეზი - 24 და 25 ივლისს „ენგურჰესის“ ქვესადგურში, მაღალი ძაბვის სალტეზე, ძაბვის გადახრები დაფიქსირდა.