ენერგეტიკოსი - როცა ტექნიკასთან გაქვს საქმე, რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ ავარია მოხდეს - პოლიტიზება უნდა შევამციროთ, უმჯობესია ეს საკითხი გადავიდეს პროფესიულ და არა პიარულ და საჯარო განხილვების სივრცეში - Palitra News

ენერგეტიკოსი - როცა ტექნიკასთან გაქვს საქმე, რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ ავარია მოხდეს - პოლიტიზება უნდა შევამციროთ, უმჯობესია ეს საკითხი გადავიდეს პროფესიულ და არა პიარულ და საჯარო განხილვების სივრცეში

2026-08-04 19:56:28+04:00

როდესაც ტექნიკასთან გაქვს საქმე, რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ ავარია მოხდეს - პოლიტიზება უნდა შევამციროთ, უმჯობესია ეს საკითხი გადავიდეს პროფესიულ და არა პიარულ და საჯარო განხილვების სივრცეში, - ამის შესახებ ენერგეტიკოსმა მურმან მარგველაშვილმა 24 და 25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვაზე საუბრისას განაცხადა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ მურმან მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება თუ საკითხს საერთაშორისო, დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფი შეისწავლის.

„ენერგოსისტემა არის ურთულესი, მრავალკომპონენტიანი, ურთიერთდაკავშირებული დანადგარების ერთობლივი მუშაობის დაძაბული სისტემა, რომელსაც აქვს ბევრი რეზერვი, მაგრამ როდესაც ტექნიკასთან გაქვს საქმე, რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ ავარია მოხდეს. მაგალითად, 2025 წლის აპრილში ერთდროულად ჩაქრა პორტუგალია, ესპანეთი და საფრანგეთის სამხრეთის ნაწილი. იქაც იყო ტექნიკური მიზეზების კასკადი. თან იქ ზოგიერთ ადგილებში 12-16 საათი ხდებოდა აღდგენა, ხოლო ჩვენთან საათნახევარი, ორი საათი. მე მინდა ვთქვა, რომ პოლიტიზება უნდა შევამციროთ და უმჯობესი იქნება ეს გადავიდეს პროფესიულ და არა პიარულ და საჯარო განხილვების სივრცეში. ადრეა ჯერ, საგანგებო მდგომარეობაზე რეაგირების წესების მიხედვით, სამი თვე აქვს ელექტროსისტემას, რომ შეისწავლოს მდგომარეობა. სემეკმაც უნდა შეისწავლოს ბოლომდე. ბევრი ტექნიკური დეტალი და ერთი შეხედვით წვრილმანი ფაქტორია, რომელიც ერთობლიობაში უნდა შეფასდეს.

მე ვიტყოდი, უმჯობესია, რომ საერთაშორისო, დამოუკიდებელი უნდა იყოს ექსპერტების ჯგუფი. თუ ჩამოვლენ და შეისწავლიან, იმათთვისაც საინტერესო იქნება. საერთოდ, ეს ჩვენთვის საინტერესოა გრძელვადიან პერსპექტივაში იმიტომ, რომ ასეთმა ავარიებმა თუ სისტემური სახე მიიღო უკვე პრობლემას უქმნის შავი ზღვის ფრაგმენტი იქნება, რეგიონული ინტეგრაცია, თურქეთში ექსპორტი აზერბაიჯანიდან თუ ა.შ. ჩვენ უნდა მივიყვანოთ ენერგოსისტემა იმ სტანდარტზე, რომელიც საერთაშორისო საუკეთესო სტანდარტის შესაბამისი იქნება“, - განაცხადა მურმან მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით 24 და 25 ივლისს ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის მუხლით გამოძიებაც დაიწყო.