მედია - გერმანიის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები RCH-155 ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს იყენებს - Palitra News

მედია - გერმანიის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები RCH-155 ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს იყენებს

2026-08-05 09:13:46+04:00

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა დაადასტურა, რომ უკრაინის არმია RCH-155 ტიპის თვითმავალი ჰაუბიცებით არის შეიარაღებული, - ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდაცვის მინისტრმა გერმანული RCH-155 ტიპის ჰაუბიცის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: „ეს ბორბლიანი ჰაუბიცა უკრაინაში ძალიან პოპულარულია“. „ქალბატონებო და ბატონებო, სადაც ახლა დგახართ, ორი წლის წინ იდგა პირველი თვითმავალი ჰაუბიცა, რომელიც უკრაინაში გაიგზავნა“, - განაცხადა პისტორიუსმა კასელში, კომპანია KNDS-ის ქარხანაში ვიზიტის დროს.

Bild-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ RCH-155 მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე საარტილერიო სისტემად ითვლება.

„მისი უნიკალური თავისებურება ის არის, რომ ეს არის პირველი ჰაუბიცა, რომელსაც შეუძლია მოძრაობის დროს სროლა. მაშინ, როდესაც სხვა ჰაუბიცები იძულებულები არიან გაჩერდნენ, RCH-155 აგრძელებს სროლას მოძრაობის დროსაც კი. ეს მნიშვნელოვნად ართულებს დარტყმას მტრის დრონებისთვის და საპასუხო ცეცხლს“, - განმარტავს გამოცემა.

Bild-ი წერს, რომ უკრაინა გერმანიიდან RCH-155 ტიპის 54 ჰაუბიცას მიიღებს. ეს საკმარისია სამი საარტილერიო ბატალიონის აღჭურვისთვის.

„ბუნდესვერმა სულ 84 ჰაუბიცა შეუკვეთა და ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. შეკვეთები ასევე მიღებულია გაერთიანებული სამეფოდან და შვეიცარიიდან“, - ნათქვამია სტატიაში.