ლოს-ანჯელესში, დონალდ ტრამპის გოლფის მოედანზე შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს - Palitra News

ლოს-ანჯელესში, დონალდ ტრამპის გოლფის მოედანზე შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს

2026-08-05 09:30:49+04:00

ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახსრების მოზიდვის ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე რანჩო პალოს-ვერდესში მდებარე ტრამპის გოლფის მოედანზე შეიარაღებული ეჭვმიტანილი დააკავეს, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 38 წლის ჟანინ ჯონ ტაელედი ფედერალურმა აგენტებმა მაშინ შენიშნეს, როდესაც ის ფოტოებსა და ვიდეოებს იღებდა და, როგორც ჩანს, უსაფრთხოების დაგეგმვის პროცესს აკვირდებოდა. შერიფის დეპარტამენტის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ეჭვმიტანილი გოლფის მოედნის ავტოსადგომზე დააკავეს, მის ჯიბეში 16-ვაზნიანი მჭიდი აღმოაჩინეს.

მოგვიანებით, მისი ავტომობილის ჩხრეკისას, გამომძიებლებმა ასევე ამოიღეს დატენილი პისტოლეტი და კიდევ ერთი დატენილი მჭიდი. მოგვიანებით, შერიფის დეპარტამენტის დეტექტივებმა და FBI-ის აგენტებმა სამხრეთ კალიფორნიის ქალაქ დაუნიში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, სადაც, მათი განცხადებით, აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, რამდენიმე რვეული „შემაშფოთებელი შინაარსის ჩანაწერებით“, ასევე რადიოსიგნალის გადამცემი მოწყობილობები.

ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმე ლოს-ანჯელესის პროკურატურას გადაეცა.