უკრაინელებმა 5 აგვისტოს ღამეს ვერცერთი რუსული ბალისტიკური რაკეტა ვერ ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 5 აგვისტოს ღამეს, რუსებმა კურსკისა და როსტოვის ოლქებიდან ცირკონი/ონიქსის ტიპის 4 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გაუშვეს, ბრიანსკის და კურსკის ოლქებიდან - „ისკანდერ-M/S-400“ ტიპის 24 ბალისტიკური რაკეტა, ასევე გამოიყენეს 115 დრონი.
„თავდასხმის მთავარი მიმართულება კიევის ოლქი იყო“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
„რაკეტებისა და 17 უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმები 26 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნა კი ექვს ლოკაციაზე“, - აღნიშნულია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით 98 დრონი ჩამოაგდეს.