„ძლიერი საქართველო - ლელო“ მოვითხოვთ, რომ საფოსტო გზავნილებზე დაწესებული 300-ლარიანი განბაჟების ზღვარი 900 ლარამდე გაიზარდოს საქართველოს მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, ამ ზღვრული ლიმიტის გაზრდა საქართველოს მოქალაქეებისთვის დიდი შვება იქნება.
„მოგეხსენებათ, რომ ამჟამად არსებული 300-ლარიანი ზღვარი 2009 წელს არის დაწესებული. 2009 წელს ლარის გაცვლითი კურსის აშშ დოლართან მიმართებით იყო 1.66 ლარი, ახლა, 2026 წლის აგვისტოში გაცვლითი კურსი არის 2.62 ლარი.
ამის პარალელურად, იცით, რომ კოვიდის პანდემიის შემდეგ ერთგვარი რევოლუცია მოხდა მთელ სავაჭრო სისტემაში და საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი გადავიდა სხვადასხვა პროდუქტის ონლაინ შესყიდვებსა და გამოწერებზე. შესაბამისად, 2009 წელს 1.66 ლარზე დაწესებული განბაჟების ლიმიტი აღარ არის ადეკვატური დღევანდელი რეალობისთვის და საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე ძალიან მძიმე ტვირთად აღიქვამს ამ 300-ლარიან ლიმიტს, რომლის შემთხვევაშიც აუცილებლად საჭიროა განბაჟება და მთელი ბიუროკრატიული პროცედურები იმისთვის, რომ მისი სასურველი პროდუქტი მიიღოს.
ლიმიტის 900 ლარამდე გაზრდა არის ჩვენი გუნდის მიერ დათვლილი იმისთვის, რომ არ მიადგეს დიდი ზიანი საქართველოს ბიუჯეტს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც სარგებლობენ ონლაინ შესყიდვებით, დიდი შვება ნახონ. მაგალითად, ჩვენ გამოვიკვლიეთ 900 ლარამდე ღირებულების 30 კგ-მდე საფოსტო გზავნილების მოცულობა და აქედან იმპორტის გადასახადი და დღგ ჯამში ბიუჯეტში არის 14 მილიონი ლარი. 14 მილიონი ლარით შემცირდება საბიუჯეტო შემოსავლები, მაგრამ საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე ნახავს უდიდეს შვებას. ეს არის შვება, როგორც ინდივიდუალურად ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც TEMU-დან, Amazon-დან ან სხვა დიდი საერთაშორისო პლატფორმებიდან იწერენ სხვადასხვა პროდუქციას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბევრად უფრო იაფი არის ხოლმე, ვიდრე საქართველოში ადგილზე არსებული პროდუქტები, უდიდეს შვებას ნახავენ ისინი და უდიდეს შვებას ნახავს ასევე მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც სავაჭრო გადაყიდვით არის დაკავებული.
ამიტომ, ჩვენ ვზრუნავთ ამ ქვეყნის მოქალაქეებზე განსხვავებით "ქართული ოცნებისგან" და ვამბობთ, რომ ეს ლიმიტი არის აბსოლუტურად არასწორი. "ძლიერი საქართველო - ლელოს" ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან ეს იქნება ერთ-ერთი პირველი რეფორმა, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ, მაგრამ მანამდეც აქვს შანსი ირაკლი კობახიძის მატყუარა მთავრობას, რომელსაც უნდა, რომ ფასებზე რამე გააკეთოს, ეს საკითხი პირდაპირ აუმჯობესებს ფასების ვითარებას ამ ქვეყანაში", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.