„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, დაესწრება თუ არა პარტიის დღევანდელ ყრილობას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა. როგორც დეკანოიძემ ყრილობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, თინა ბოკუჩავამ, როგორც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ დღევანდელი ყრილობა არ უნდა გააცდინოს.
„ეს არის ყრილობა, რომელიც განსაზღვრული იყო პარტიის დღის წესრიგით. იცით, რომ ამ ყრილობაზე უნდა აირჩეს ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გარდამავალ პერიოდში პარტიის მმართველობაზე, ასევე იქნება „რეფორმების საბჭო“, რომელზეც ამ პერიოდის განმავლობაში იყო საუბარი. ასევე, ეს იქნება ის ყრილობა, რომელზეც დამტკიცდება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პარტიული დღის წესრიგი. ვერ გეტყვით თინა ბოკუჩავაზე, ინფორმაცია არ მაქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ მოვა იმიტომ, რომ 2 წელი პარტიის თავმჯდომარე იყო და ნამდვილად არ მგონია, რომ ეს ყრილობა გააცდინოს“, - განაცხადა დეკანოიძემ.
ის დარწმუნებულია, რომ „დაბრკოლებები, რომელიც შეიძლება პარტიაში არსებობდეს, აუცილებლად გადაილახება“.
„ცალსახად, ყველასთან უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა. იცით ჩემი პოზიცია წლების განმავლობაში. როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრიობას უდგას ეგზისტენციალური საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს სინერგიული და არა დესტრუქციული პოლიტიკა. ვფიქრობ, ის დაბრკოლებები, რომელიც შეიძლება არსებობდეს, აუცილებლად გადაილახება“, - განაცხადა დეკანოიძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ პარტიის მიერ ჩატარებული პოლიტსაბჭოს სხდომა ლეგიტიმური იყო.
„პოლიტსაბჭო სავსებით ლეგიტიმური იყო. მე არ გახლავართ ამ პოლიტსაბჭოს წევრი, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ გენერალურ მდივანს ჰქონდა უფლება, პოლიტსაბჭო მოეწვია. მე ჩემს მეგობრებს ვესაუბრე და სრული ლეგიტიმაცია აქვს, კვორუმიც იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარდამავალ პერიოდში ყრილობას და პოლიტსაბჭოსაც ჰქონდეს ის სამართლებრივი ასპექტები, რომელიც ჰქონდა. ჩვენ არასდროს ჩაგვიტარებია არალეგიტიმური პოლიტსაბჭოს სხდომა“, - განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს რიგით მე-13 ყრილობას მართავს. მანამდე პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თინა ბოკუჩავა არ ესწრებოდა.