ირაკლი ნადირაძე - დიახ, მჯერა, რომ თუ ვინმეს ძალუძს, ამ ქვეყნის რუსული ჭაობიდან ამოყვანა, თუ ვინმეს ძალუძს იყოს დიქტატურასთან ბრძოლის ავანგარდში - ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - Palitra News

ირაკლი ნადირაძე - დიახ, მჯერა, რომ თუ ვინმეს ძალუძს, ამ ქვეყნის რუსული ჭაობიდან ამოყვანა, თუ ვინმეს ძალუძს იყოს დიქტატურასთან ბრძოლის ავანგარდში - ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

2026-08-05 16:58:18+04:00

დიახ, მე მჯერა, რომ თუ ვინმეს ძალუძს, ამ ქვეყნის რუსული ჭაობიდან ამოყვანა, თუ ვინმეს ძალუძს იყოს დიქტატურასთან ბრძოლის ავანგარდში - ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - დიახ, მხოლოდ ერთობით, ბრძოლით შევძლებთ დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი, რომელსაც სურს ჩვენი ქვეყანა გადააქციოს უპერსპექტივობისა და წარუმატებლობის რუსულ ჩიხად,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ნადირაძის წერილობით მიმართვაშია აღნიშნული, რომელიც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმაც ლაშა ფარულავამ საზოგადოებას ყრილობაზე გააცნო.

მისივე თქმით, მისი საფიქრალი და სადარდებელია ის „თუ რამდენი დაგვრჩა ქვეყნის გათავისუფლებამდე“.

„მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულო ადამიანებო, ქვეყნის ერთგულო და გაუტეხელო ხალხო. მივესალმები საქართველოს მესამე პრეზიდენტს, პუტინისა და ივანიშვილის პირად ტყვესა და პოლიტიკურ პატიმარს მიხეილ სააკაშვილს, ასევე მივესალმები ჩემს გამორჩეულ, მამაც მეგობარსა და თანამებრძოლს, ასევე პოლიტპატიმარს ლევან ხაბეიშვილს.

რუსულმა რეჟიმმა, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯა, თუ ციხის კალენდარს გავყვებით გათავისუფლებამდე 6 წელი დამრჩა, მაგრამ ეგ არ მაფიქრებს, ქვეყნის გათავისუფლებამდე რამდენი დაგვრჩა მხოლოდ ესაა ჩემი საფიქრალიც და სადარდებელიც…

დიახ, რა თქმა უნდა, არაა მარტივი ბრძოლა, როდესაც ხედავ როგორ სპობს რუსული ავტოკრატია თავისუფლებისა და დემოკრატიის ყოველგვარ ნიშანწყალს, როგორ ანადგურებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას.

არაა მარტივი იბრძოლო იქ, სადაც პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებსა თუ რიგით მოქალაქეებს, რომლებსაც სამშობლო უყვართ, იჭერენ სიტყვის თქმის გამო, განსხვავებული აზრის გამო, ბანერზე გაკეთებული წარწერის, ტროტუარზე დგომის თუ „ფეისბუქ“ კომენტარის გამო. სადაც აუქმებენ პოლიტიკურ პარტიებს და ციხეში სვამენ მათ ლიდერებსა თუ წევრებს, სადაც აგენტებად აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს, ებრძვიან და ცდილობენ გაანადგურონ თავისუფალი სიტყვა და მედია.

რუსულ რეჟიმს არასდროს შეუწყვეტია ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ. არც 2003 წლამდე და არც შემდეგ, 2012 წლიდან კვლავ სრული ძალებით, უკვე მოღალატეთა ხელით, ამოქმედდა რუსული მანქანა, ქვეყნის ბოლომდე გასარუსებლად და საბჭოთა დიქტატურის აღსადგენად…

ბევრმა ვერ გაუძლო ამ ბრძოლას, ბევრი დანებდა, ბევრი გაიყიდა, ბევრმა დაყარა ფარ-ხმალი, მაგრამ ამ ბრძოლაში არასდროს ჩაუმუხლავს, არასდროს დანებებულა, არასდროს დაუხევია უკან და ჯერ კიდევ ფეხზე დგას. არ ნებდება და არასოდეს დანებდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მისი ერთგული, ქვეყნის პატრიოტი, მამაცი და თავდადებული ადამიანები. მათ სჯერათ, რომ საქართველო არ არის პატარა სოფელი, რომ საქართველო არ იქნება რუსეთის უკანა ეზო, რომ საქართველო არასდროს დანებდება და რომ აუცილებლად იქნება ერთიანი, წარმატებული, ძლიერი, ევროპული ქვეყანა!

დიახ, მე მჯერა, რომ თუ ვინმეს ძალუძს, ამ ქვეყნის რუსული ჭაობიდან ამოყვანა, თუ ვინმეს ძალუძს იყოს დიქტატურასთან ბრძოლის ავანგარდში - ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ეს ხართ თქვენ, ჩემო ძვირფასებო, ამ პარტიის და ამ ქვეყნის ერთგული, შეუპოვარი, გამოცდილი, ამაყი და თავდადებული ადამიანები!

მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ, ერთის მხრივ ამ პარტიის ძალიან გამოცდილი და დამსახურებული ადამიანებით და მეორეს მხრივ ახლად შემომატებული ადამიანებით, რომლებიც ყოველდღიურად გვემატებიან და დარწმუნებული ვარ მრავლად შემოგვიერთდებიან და შეემატებიან ჩვენს რიგებს.

დიახ, ძალა ერთობაშია და ეს სულ უნდა გვახსოვდეს!

უნდა გვახსოვდეს და ყველამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ერთობა გახდეს კიდევ უფრო მყარი, კიდევ უფრო ქმედითი და კიდევ უფრო ბრძოლისუნარიანი!

დიახ, მხოლოდ ერთობით, ბრძოლით შევძლებთ დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი, რომელსაც სურს ჩვენი ქვეყანა გადააქციოს უპერსპექტივობისა და წარუმატებლობის რუსულ ჩიხად!

მაგრამ ჩემო ძვირფასებო, ახლა არაა სასოწარკვეთაში ჩავარდნის დრო! უიმედობის დრო! ხელების ჩამოშვების და დანებების დრო!

ეს ქვეყანა ყოფილა უარეს დღეშიც, ყოფილა მეტ უიმედობაში, უპერსპექტივობაში, სასოწარკვეთაშიც, მაგრამ ეს ქვეყანა ბოლოს მაინც გამოსულა თავაწეული, ამაყი და გამარჯვებული! გამოსულა თქვენისთანა შეუპოვარი, მამაცი, პატრიოტი და ძლიერი ადამიანების დახმარებით, რომელთაც სიცოცხლეზე მეტად უყვარდათ და უყვართ თავის საქართველო! ახლაც გამოგვივა! აუცილებლად გამოგვივა!

მთავარი ბრძოლა ბოლომდე და ბოლოს აუცილებლად ჩვენ მოვიგებთ! ყველანი მიყვარხართ და არცერთი ნაბიჯი უკან“,- აღნიშნავს ნადირაძე.