ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკვე მესამედ - გუშინ საღამოს მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ისევ ჩაქვრა. დენი დაახლოებით 20:00 საათზე წავიდა, ეტაპობრივი აღდგენა კი ერთი საათის შემდეგ დაიწყო. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროენერგიის” ინფორმაციით, 24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, ენგურჰესზე გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობდა, კერძოდ სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია. ელექტროენერგიის გათიშვის გამო გაჩერდა თბილისის მეტრო, რის გამოც მგზავრებს გვირაბის დატოვება ფეხით მოუწიათ. მოძრაობის დროებით გააჩერება მოუწია საქართველოს რკინიგზასაც. თითქმის 1 საათის განმავლობაში დედაქალაქში გამორთული იყო საგზაო შუქნიშნებიც. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სწორედ ამ დროს ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული მიყენებული დაზიანებებით სავადმყოფოში გადაიყვანეს.