პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, სადაც მან აღნიშნა, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.
მახაშვილის თქმით, ვხედავთ, როგორ ხელაღებით ხდება ქართველი ჯარისკაცების იმიჯის შელახვა.
„მძიმე და მიუღებელია ასეთი ტიპის განცხადებები. ჩემი აზრით, ამ სახის განცხადებებით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. ეს პირდაპირ სახელმწიფოს დადანაშაულებაა საკუთარი ჯარისკაცების ომში ჩადენილ მძიმე დანაშაულებში.
სპეკულაციაა ამ თემით თამაში იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც თავის დროზე დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა, ნაცვლად იმისა, რომ მან საკუთარი ჯარისკაცების მუნდირი დაიცვას, პირიქით, ვხედავთ, ქართველი ჯარისკაცების იმიჯის შელახვა როგორ ხელაღებით ხდება.
ეს მხოლოდ იმიჯის შელახვა არ არის, ეს არის კონკრეტულ დანაშაულებში საკუთარი ჯარისკაცების დადანაშაულება.
ეს არ არის რიგითი პოლიტიკოსის დილის თუ საღამოს განცხადება. სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ ამ ტიპის განცხადებით. სულ ცოტა, ეს ამორალური განცხადებაა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.
„აუცილებელი არ იყო ეს, მაგრამ, როდესაც ადამიანს ბიძაშვილს მოგიკლავენ, ძმას, მეგობარს, იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია....“, - აღნიშნა ბარამიძემ.