როდესაც განაჩენს ჩავიბარებთ და დასაბუთებას დეტალურად გავეცნობით, ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას გავასაჩივროთ თუ არა მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება,- ამის შესახებ მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე მსჯავრდებული პოლიტიკოსის, ნიკა მელიას საქმის პროკურორმა სალომე გულიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლემ ნიკა მელიას სამართლებრივი მდგომარეობა არ დაამძიმა.
„მოსამართლემ სამართლებრივი მდგომარეობა ამ საქმეზე უკვე მსჯავრდებულის არ დაამძიმა. შესაბამისად, ამ კუთხით პროცესზეც ბრალდების მხარემ მიუთითა, რომ ითხოვდა სასამართლოსგან სამართლიან სასჯელს. შესაბამისად, დასაბუთების ნაწილში, კონკრეტულად რას დაეყრდნო მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას და თუ რატომ ჩათვალა, რომ ეს იქნებოდა სამართლიანი სასჯელი, როდესაც განაჩენს ჩავიბარებთ, დეტალურად გავეცნობით და შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას გავასაჩივროთ თუ არა მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება.
სამართლიან სასჯელზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენთვის მაინცდამაინც აპრიორი სიმკაცრე არცერთ საქმეზე არ არის, თუ ამის მოცემულობა რეალურად საქმიდან არ გამომდინარეობს.
როდესაც განაჩენს ჩავიბარებთ და დასაბუთებას წავიკითხავთ, ამის შემდგომ უკვე გადავწყვეტთ, სამართლიანი იყო თუ არა მოსამართლის გადაწყვეტილება და ამის შემდგომ გასაჩივრების საკითხს განვიხილავთ",- განაცხადა სალომე გულიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დღეს, სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და მას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნიკა მელიას ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.