ევროპაში ცოლებთან ერთად ვინც მიდის, საღამოობით არავინ უშვებს ხელს - მარტო სასეირნოდ, შოპინგზე და ასე შემდეგ - საქართველოში ეგ პრობლემა არ არის! საქართველოში ტურისტებს არანაირი პრობლემა არა აქვთ! - ეს არის “ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლევან მაჭავარიანის განცხადება, რომელიც მედიასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით გააკეთა.
მაჭავარიანის თქმით, საქართველოში ტურისტები ჩამოდიან არა მხოლოდ იმიტომ, რომ ულამაზესი ქვეყანა და ღვინის სამშობლო ვართ, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ნებისმიერი კრიტერიუმით ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.
“ქვეყნის შიგნით ჩვენი ქვეყნის მტრებს, ასევე მათ პატრონებს აქვთ ინტერესი, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდეს. ყველამ კარგად იცის, რომ ტურიზმი ჩვენს ეკონომიკაში ძალიან მსხვილი დარგია. შესაბამისად, ტურიზმზე დარტყმა, რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე დარტყმას გულისხმობს. როდესაც დეზინფორმაციის ასეთ ორკესტრირებულ კამპანიას აქვს ადგილი, რაც ჩვენ ვიხილეთ, რა თქმა უნდა, იკვეთება ნიშნები, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურია.
ამას ლოგიკა გვკარნახობს. ჩვენ გამოძიებას უნდა დაველოდოთ, რომელიც ძალიან დროულია და აუცილებლად უნდა დაწყებულიყო.
ასეთი დეზინფორმაცია მიმართულია არა მხოლოდ რუსი ტურისტების მიმართ, არამედ ყველა რუსულენოვანი ტურისტის მიმართ და ზოგადად, ტურიზმის მიმართ. საქართველოში ტურისტები ჩამოდიან არა მხოლოდ იმიტომ, რომ ულამაზესი ქვეყანა და ღვინის სამშობლო ვართ, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ნებისმიერი კრიტერიუმით, რაც კი შეფასებულა. ურტყამენ ამ მიმართულებას და სურთ, ტურისტებს დაანახონ, თითქოს საქართველო ტურისტებისთვის საფრთხეა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო.
სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას.
სუს-ში განმარტავენ, რომ კამპანიის მიზანია დეზინფორმაციის გავრცელებით შეიქმნას ყალბი აღქმა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ტურისტებისთვის არასასურველი გარემოა შექმნილი.