მედია - უკრაინულ თვითმფრინავს, რომლის მახლობლადაც ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს, საბრძოლო მასალა გადაჰქონდა - Palitra News

მედია - უკრაინულ თვითმფრინავს, რომლის მახლობლადაც ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს, საბრძოლო მასალა გადაჰქონდა

2026-08-06 15:44:27+04:00

უკრაინულ თვითმფრინავს, რომლის მახლობლადაც ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს, საბრძოლო მასალა გადაჰქონდა, - ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, უკრაინული „ანტონოვის“ სატვირთო თვითმფრინავი ლაიფციგში საფრანგეთიდან ჩაფრინდა და მის ბორტზე დატვირთული საბრძოლო მასალა შემდგომი გადაზიდვისთვის მზადდებოდა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინა ლაიფციგის აეროპორტს სამხედრო მასალების გადაზიდვისთვის იყენებს.

ასევე, ლაიფციგის აეროპორტს ნატო-ს წევრი სახელმწიფოების სამხედრო თვითმფრინავებიც იყენებენ.

შეგახსენებთ, ლაიფციგის აეროპორტში გუშინ უკრაინული „ანტონოვის“ სატრანსპორტო თვითმფრინავის მახლობლად ასაფეთქებელი მოწყობილობითა და დეტონატორით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს. დრონის აღმოჩენამ განგაში გამოიწვია და რამდენიმე რეისის გადამისამართება გახდა საჭირო. გერმანიის პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობის გასანეიტრალებლად სპეციალური რობოტი განათავსა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას გერმანიის პროკურატურის ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებები აწარმოებენ.