უმაღლესი განათლების სისტემაში ზოგადად არ გვაქვს დღეს სახარბიელო მდგომარეობა. სწორედ ამის გამო ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტრატეგია უმაღლესი განათლების რეფორმისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი არის - ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი და ამ პრინციპის შესაბამისად გადადანაწილდა ფაკულტეტები უნივერსიტეტებს შორის.
„ოპტიმიზაცია მოგვცემს ჩვენ იმის საშუალებას, რომ არსებული რესურსები, საკმაოდ მწირი რესურსები, მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოვიყენოთ. ეს არის ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ამ პრინციპიდან გამომდინარე განხორციელდა მათ შორის ინსტიტუციური ცვლილებები ჩვენს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. რა თქმა უნდა, სათანადო ვადებში ბოლომდე იქნება მიყვანილი ეს რეფორმა, რაც საბოლოო ჯამში მოგვცემს ჩვენ ჩვენი სტუდენტებისთვის, ქართველი სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების ბევრად უფრო მაღალ ხარისხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.