საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟში ჩართული ნებისმიერი პირი კანონის წინაშე პასუხს აგებს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, სახელმწიფო საკმარისად ძლიერია, რათა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება აღკვეთოს.
პრემიერის განმარტებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიება ბოლომდე მივიდეს. მისივე განცხადებით, სამართლებრივი რეაგირება შეეხება ყველას, ვინც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს.
საქმე სუს-ის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებას ეხება. უწყების ინფორმაციით, იძიებენ უცხოეთიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა სოციალური პლატფორმის ყალბი ანგარიშების მეშვეობით, მიზანმიმართულად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას ემსახურებოდა. გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთი მიზანი საქართველოში რუსეთის მოქალაქე ტურისტებისთვის არასასურველი გარემოს შესახებ მცდარი წარმოდგენის შექმნა იყო.