აზერბაიჯანი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს განმარტებას, რადგან აზერბაიჯანული სატვირთო ავტომობილების მძღოლების ინფორმაციით, ისინი რამდენიმე დღეა საქართველოს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე შეფერხებას აწყდებიან.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ოფიციალური ახსნა-განმარტება მძღოლებს ამ დრომდე არ მიუღიათ. საკითხთან დაკავშირებით საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა.
საელჩოს განცხადებით, ვითარება მათი კონტროლის ქვეშაა და საკითხის შესწავლა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით მიმდინარეობს. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ ვრცელდება.