„ჯივიპი“: "რუსთაველის გამზირზე ტრანშიაში თვითმცლელის გადავარდნის ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს" - Palitra News

„ჯივიპი“: "რუსთაველის გამზირზე ტრანშიაში თვითმცლელის გადავარდნის ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს"

2026-08-06 21:05:44+04:00

რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციისას კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელი ტრანშიაში გადავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.

„ჯივიპის“ ინფორმაციით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ავტომანქანა ტრანშიის კიდესთან ზედმეტად ახლოს გადაადგილდა, რის გამოც ნიადაგი ჩამოიშალა და ტექნიკა მოცურდა. მძღოლის მცდელობამ, ავტომობილი საკუთარი ძალებით გამოეყვანა, ტრანშიის დამატებითი დაზიანება და მანქანის გადაბრუნება გამოიწვია.

კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ ადგილზე მოძრაობის წესებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა გამოვლინდა. მათივე ინფორმაციით, თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა. ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს, რის შემდეგაც კონტრაქტორი კომპანიის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომები გატარდება.