ბაიბა ბრაჟე - საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, ლატვია ამას არასდროს აღიარებს და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - Palitra News

ბაიბა ბრაჟე - საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, ლატვია ამას არასდროს აღიარებს და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

2026-08-07 11:21:21+04:00

ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას გმობს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მე-18 წლისთავზე, ლატვია ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მკაცრად გმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყება ხაზს უსვამს, რომ ლატვია კვლავ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და მათი მოკავშირეებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 18 წლისთავს ეხმაურება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟეც.

„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელებიდან 18 წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა. ლატვია ამას არასდროს აღიარებს და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს“, - წერს ბრაჟე.