გიორგი ბარამიძე - რუსულ პროპაგანდას ვერ შემოვატრიალებ, მაგრამ ვისაც აინტერესებს, განვმარტავ: აფხაზეთის ომის პირველ პერიოდში, ბრძოლისას ტყვეებს არ იყვანდნენ და კლავდნენ, რადგან ადამიანები გამწარებული იყვნენ, მოგვიანებით ეს ვითარება შეიცვალა - Palitra News

გიორგი ბარამიძე - რუსულ პროპაგანდას ვერ შემოვატრიალებ, მაგრამ ვისაც აინტერესებს, განვმარტავ: აფხაზეთის ომის პირველ პერიოდში, ბრძოლისას ტყვეებს არ იყვანდნენ და კლავდნენ, რადგან ადამიანები გამწარებული იყვნენ, მოგვიანებით ეს ვითარება შეიცვალა

2026-08-07 12:51:37+04:00

პირველ პერიოდში ეს მდგომარეობა იყო, გამწარებული ადამიანები, რომლებსაც დედა, მამა და ახლობლები მოუკლეს, ბრძოლისას ტყვეებს არ იყვანდნენ და კლავდნენ, რადგან გამწარებულები იყვნენ - ეს არის მწარე სიმართლე ომის პირველ პერიოდთან დაკავშირებით, რაც მე ვიცი, რადგან ტყვეების გაცვლით მე ვიყავი დაკავებული, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.

„იმ ადამიანებმა, რომლებიც უფრო მეტ დროს იმაზე ხარჯავენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” დაუპირისპირდნენ, ვიდრე ამ მოღალატეობრივ რეჟიმს, დრო იხელთეს და რაღაცაში “გამომიჭირეს”. ვინც უყურა ჩემს ინტერვიუს, ძალიან მკაფიოდ ვამბობ, რომ პირველ ხანებზე მაქვს საუბარი. სამწუხაროდ, ჩვენ მხარეს არ იყო არანაირი დისციპლინა. ჩვენ არ გვყავდა რეგულარული ჯარი და ეს ჯარის შეურაცხყოფას არ გულისხმობს. ეს განვმარტე წერილობითაც და იქაც ვთქვი, რადგან ვინმე არ იყოს შეცდომაში შეყვანილი. ვისაც არ უნახავს ჩემი ინტერვიუ, მათთვის გუშინ განმარტებაც გავაკეთე. რუსულ პროპაგანდას ვერ შემოვატრიალებ, მაგრამ ვისაც აინტერესებდა, მათთვის ყველაფერი განვმარტე. პირველ პერიოდში ეს მდგომარეობა იყო, გამწარებული ადამიანები, რომლებსაც დედა, მამა და ახლობლები მოუკლეს ბრძოლისას. ტყვეს არ იყვანდა და კლავდა, რადგან გამწარებული იყო. ომი იმიტომ არის ცუდი, რომ ადამიანი ადამიანს კლავ და რუსულ მხარეს ჰქონდა ის დისციპლინა, რომ დაიწყეს ტყვეების აყვანა არა მათი ჰუმანურობის გამო, არამედ, რათა მოეპოვებინათ სამხედრო და სადაზვერვო ხასიათის ინფორმაცია. მე და ჩემი მოადგილე ვერ გავცვლიდით 200 ქართველ ტყვეს, ჩვენ მხარეს რომ ტყვეები არ აეყვანა. მე იმ პერიოდში უკვე პარლამენტი წევრი ვიყავი, თუმცა ავხსენი ისიც ინტერვიუში, რატომ მომიწია პარლამენტის წევრს ომში წასვლა. მე უნდა დავხმარებოდი ჩვენს ხელისუფლებას და ჯარს, რათა აგვეყვანა ტყვეები. მიუხედავად ჩვენი ხალხის გამწარებისა, შორიდან კი არ უნდა ესროლათ, არამედ ტყვედ უნდა აეყვანათ. ეს არ ყოფილა უბრალოდ დავალება, მათთან ერთად მეც ავიღე ხელში იარაღი და წავედი ფრონტის ხაზზე. იმ პირველ პერიოდზეა საუბარი და ეს არ ეხება არც ქართულ ჯარს და არც ქართულ სახელმწიფოს. ეს საკითხი დიდი ხანია დახურულია და წერტილი აქვს დასმული. მესამედი საუკუნის წინანდელი ამბავია, 33 წელი გავიდა მას შემდეგ და მთელ მსოფლიოს განხილული აქვს ეს ამბავი, თუ ვინ იყო აგრესორი 1992 და 2008 წლის ომებში. დამნაშავე, ოკუპანტი და ეთნიკური წმენდის ჩამტარებელი არის რუსეთის ფედერაცია. რა დანაშაულებიც მოხდა კაცობრიობისა და ქართველი ხალხის წინაშე, ყველაფერში რუსეთის ფედერაციაა დამნაშავე. ამას ვერაფერი შეცვლის და ეს პროპაგანდა, თითქოს ეს საქართველოსთვის უარყოფითი შედეგების მომტანია, ტყუილია, რადგან ეს არის მწარე სიმართლე ომის პირველ პერიოდთან დაკავშირებით, რაც მე ვიცი, რადგან ტყვეების გაცვლით მე ვიყავი დაკავებული. შემდეგ გამოსწორდა მდგომარეობა, რადგან რომ არ გამოსწორებულიყო, ჩვენ იმ 200 დატყვევებულ კაცს ვერ გამოვიხსნიდით. ჩვენც უნდა მიგვეცა სეპარატისტული მხარისთვის ტყვე, რომ იმათაც მოეცათ ჩვენთვის - ეს ხომ ლოგიკურია? იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ უნახავს ინტერვიუ და მხოლოდ რუსული პროპაგანდის ამოგლეჯილი ნაწილი ნახა, კიდევ ერთხელ განვმარტავ: ბუნებრივია, პირველი კვირებისგან განსხვავებით შემდეგ უფრო მეტი დისციპლინა და ორგანიზებულობა იყო. ტყვეებსაც ვიყვანდით და სწორედ ამის ხარჯზე და ამის გამო მოვახერხეთ, რომ 200 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ, რამდენიმე დღის წინ, იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ აღნიშნულ განცხადებას “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გიორგი ბარამიძის განცხადებით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.