შალვა კერესელიძე - გიორგი ბარამიძის განცხადება არის, არასახელმწიფოებრივი, მორალურად, პოლიტიკურად და ადამიანურად არასწორი იმ გმირების წინაშე, რომლებიც აფხაზეთში იბრძოდნენ - გამოძიება დაიწყო და დაიწყოს! - Palitra News

შალვა კერესელიძე - გიორგი ბარამიძის განცხადება არის, არასახელმწიფოებრივი, მორალურად, პოლიტიკურად და ადამიანურად არასწორი იმ გმირების წინაშე, რომლებიც აფხაზეთში იბრძოდნენ - გამოძიება დაიწყო და დაიწყოს!

2026-08-07 13:53:15+04:00

საპარლამენტო ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, შალვა კერესელიძის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადება ძალიან არასერიოზული და არასახელმწიფოებრივია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავს განცხადებას პოლიტიკოსი არ უნდა აკეთებდეს.

“მით უმეტეს, არ უნდა აკეთებდეს ისეთი პოლიტიკოსი, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ მონაწილეობა აქვს მიღებული საკუთარი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, ამიტომ მე ამას დადებითად ვერანაირად ვერ შევაფასებ. ეს არის არასახელმწიფოებრივი და არასწორი განცხადება. პოლიტიკურადაც არასწორია, ადამიანურადაც. იმ მებრძოლების და დაღუპული ვაჟკაცების წინაშეც არასწორია, რომლებიც აფხაზეთში იბრძოდნენ და საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს ერთიანობას. ამ ადამიანებს ძალიან ბევრი ღირსეული ნაბიჯი აქვთ გადადგმული, თუნდაც აფხაზების მიმართ. გამოძიება დაიწყო და დაიწყოს. სახელმწიფოებრივად, მორალურად, პოლიტიკურად და ადამიანურად იმ გმირების წინაშე ეს არასწორი საქციელი და განცხადება იყო”, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ “მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.