მე მესმის, ვიაზრებ და ვიზიარებ მის [ეკა კუპატაძის] ამ განსაცდელს, მაგრამ განვმარტავ: ანასტასია არათუ იცნობდა მის შვილს, სახელი და გვარიც კი არ იცოდა მისი და სიკვდილი რა მოტივით “ენდომებოდა” უცნობი ადამიანის? - ამის შესახებ მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ანასტასია ბერუაშვილის დედა აცხადებს.
ის სოციალურ ქსელში წერს, რომ მის შვილს, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, პოლიციაში „რომც დაერეკა, ამასაც სხვა განხილვა მოჰყვებოდა“.
„მარტო ორი დღე არაა, რაც ეს ამბავი ჩემს ოჯახს, ჩემს ანასტასიას გადახდა თავს. მის მერე მე - მე არ ვარ.
არ დავიწყებ იმის საუბარს, რომ ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, ეს ასე უნდა მოხდეს და ასეცაა. აქვე განვმარტავ, ანასტასია ბერუაშვილი ამ საქმეში მართლაც რომ, თავში კი არა, შუაშიც არაა...ის რომ ერთ-ერთის “შეყვარებულად” ფიქსირდებოდა, ამ მკვლელობასთან თანამონაწილეობაზე არ მიუთითებს და საერთოდაც, არანაირი მეგობრული კავშირი არ ქონია მათთან...(დაკითხონ ის პირებიც).
იტყვით, რა დროს “შეყვარებულის” დრო იყო... აქვე გეტყვით, ყველას გვქონია ეს ასაკი, მას არ დაუმალავს ამის შესახებ, მე და ბებიას გაგვიმხილა მისი პატარა საიდუმლო. თურმე, ბედი რა სიურპრიზს უმზადებდა და მისი ეს ბავშვური “სიყვარული” რამხელა განსაცდელს უქსოვდა წინ....
ვინც ანასტასიას იცნობს, თუნდაც, ერთხელ გყავთ ნანახი, სულ მომღიმარი და ისეთი წრფელია, არანაირი ბოროტული მასში არ ყოფილა არასდროს...
არასოდეს დამიწერია სოცქსელში შეურაცხმყოფელ მონაწერებზე პასუხი, პირიქით, სულ იმას ვიძახდი, რომ ქ.ეკა შვილმკვდარი დედაა, ამაზე უარესი მდგომარეობა არ არსებობს. მე მესმის, ვიაზრებ და ვიზიარებ მის ამ განსაცდელს, მაგრამ განვმარტავ: ანასტასია არათუ იცნობდა მის შვილს, სახელი და გვარიც კი არ იცოდა მისი და სიკვდილი რა მოტივით “ენდომებოდა” უცნობი ადამიანის? კი დაფიქსირდა ზარი, სადაც უთხრა ანასტასიას გ.რ.-მ, რომ მან და მისმა მეგობარმა იჩხუბეს... ანასტასიას უნდა დაერეკა პოლიციაში და ეს უნდა ეთქვა, მოხდა ჩხუბი, როდესაც ან რატომ უნდა სცოდნოდა აწ გარდაცვლილის სახელი გვარი და მისამართი... რომც დაერეკა, ამასაც სხვა განხილვა მოჰყვებოდა....
მაქვს იმედი, რომ სიმართლე იზეიმებს და დავამტკიცებთ, რომ ჩემი გოგოს ბრალეულობა ამ საქმეში ნამდვილად არაფერია”, - წერს ბერუაშვილის დედა.
გიგა ავალიანის საქმეზე სამართალდამცავებმა ანასტასია ბერუაშვილი და ნია იმნაძე 5 აგვისტოს დააკავეს.
ცნობისთვის, მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს - ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს წაუყენა. იმნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისხმობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანასტასია ბერუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბრალდების თანახმად, ნია იმნაძემ მის მეგობრებს - ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც 23 დღის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია 7 პირი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდებულები არიან.