ალექსანდრე ტაბატაძე - გიორგი ბარამიძის განცხადება აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - დაუშვებელია პოლიტიკური მიზნებისთვის ისეთი ნარატივების გავრცელება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ქართველი სამხედროების ღირსებას - Palitra News

ალექსანდრე ტაბატაძე - გიორგი ბარამიძის განცხადება აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - დაუშვებელია პოლიტიკური მიზნებისთვის ისეთი ნარატივების გავრცელება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ქართველი სამხედროების ღირსებას

2026-08-07 15:49:51+04:00

გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ომის დროს ტყვეების მიმართ დამოკიდებულებას ეხებოდა, უკიდურესად უპასუხისმგებლოა და აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე აცხადებს.

ტაბატაძე აცხადებს იმასაც, რომ აღნიშნული განცხადება სრულ წინააღმდეგობაშია საქართველოს ხელისუფლების შერიგების პოლიტიკასთან და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან.

“მსგავსი განცხადებები შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ვეტერანებს და ბრძოლაში დაღუპულ გმირებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის იბრძოდნენ. დაუშვებელია პოლიტიკური მიზნებისთვის ისეთი ნარატივების გავრცელება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ქართველი სამხედროებისა და მებრძოლების ღირსებას და ქმნის მცდარ წარმოდგენას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ასეთი განცხადებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ხელისუფლების შერიგების პოლიტიკასთან, რომლის საფუძველიც არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობა, ნდობის აღდგენა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების პატივისცემა.

მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, როდესაც საქართველო საერთაშორისო დონეზე ყოველდღიურად იცავს საკუთარ პოლიტიკურ და სამართლებრივ პოზიციებს, თითოეულ საჯარო შეფასებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსგავსი ბრალდებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალების მიერ, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობენ ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას. ამგვარი განცხადებები ასუსტებს საქართველოს პოზიციებს, როგორც პოლიტიკურ, ისე სამართლებრივ სივრცეში და დამატებით არგუმენტებს აძლევს მოწინააღმდეგეს.

ეროვნული უსაფრთხოება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, ჩვენი სამხედროების ღირსება და საქართველოს საერთაშორისო ინტერესები არ შეიძლება გახდეს შიდა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი - ეს ის საკითხებია, რომლებზეც პასუხისმგებლობა საერთო უნდა იყოს და ყველა სიფრთხილით უნდა ეკიდებოდეს“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთში ომის დროს “ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბარამიძემ მედიასთან განმარტა, რომ “მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.

გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.