იგივე იმპერიალისტური მსოფლმხედველობა, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი ომის მამოძრავებელი ძალაა. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი სოციალურ ქსელში წერს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთზე მყარი საერთაშორისო ზეწოლის მოწოდებით გამოდის.
მისი თქმით, საქართველოს ხალხის ევროპული მომავლისადმი უდიდეს საფრთხედ რჩება რუსეთის ოკუპაცია და მისი მიმდინარე მცდელობები ძირი გამოუთხაროს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებელ კურს.
“18 წლის წინ, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომმა კრემლის იმპერიალიზმის ნამდვილი სახე გამოავლინა. დღეს, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონის რუსული ოკუპაციის ქვეშ რჩება, საერთაშორისო ვალდებულებები შეუსრულებელი რჩება და ადამიანის უფლებების დარღვევები გრძელდება.
ოკუპაცია. იძულებით გადაადგილება. საერთაშორისო სამართლის დარღვევები. იგივე იმპერიალისტური მსოფლმხედველობა, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი ომის მამოძრავებელი ძალაა.
ლიეტუვა მტკიცედ უდგას გვერდში ქართველ ხალხს. მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, და ევროპულ მომავალს, რუსეთზე მყარი საერთაშორისო ზეწოლისკენ მოწოდებით გამოვდივართ, რათა მან თავისი ოკუპაცია დაასრულოს და დაიცვას საერთაშორისო სამართალი.
საქართველოს მომავალი დემოკრატიულ გადაწყვეტილებებში და მისი ხალხის ევროპულ მისწრაფებებშია. ამ მომავლისადმი უდიდეს საფრთხედ რჩება რუსეთის ოკუპაცია და მისი მიმდინარე მცდელობები ძირი გამოუთხაროს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებელ კურს”, - წერს ბუდრისი.