შალვა პაპუაშვილი - ახლა ბარამიძის ხელით გადასწვდნენ 90-იან წლებს, აფხაზეთის ომს და იქ დაიწყეს ომის დანაშაულების დაბრალება - საფიქრალი ის არის, საიდან მოდის ეს დავალება, რატომ ალაპარაკეს ბარამიძეს ის, რაც ილაპარაკა - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - ახლა ბარამიძის ხელით გადასწვდნენ 90-იან წლებს, აფხაზეთის ომს და იქ დაიწყეს ომის დანაშაულების დაბრალება - საფიქრალი ის არის, საიდან მოდის ეს დავალება, რატომ ალაპარაკეს ბარამიძეს ის, რაც ილაპარაკა

2026-08-08 12:51:18+04:00

ახლა უკვე ბარამიძის ხელით გადასწვდნენ 90-იან წლებს, აფხაზეთის ომს და იქ დაიწყეს ომის დანაშაულების დაბრალება. აქ საფიქრალი ის არის, საიდან მოდის ეს დავალება, რატომ ალაპარაკეს ბარამიძეს ის, რაც ილაპარაკა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

აღნიშნულით ის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელთან დაკავშირებითაც გამოძიება დაიწყო.

„იგივე სულისკვეთებაა, რაც 2008 წლის ოქტომბრის PACE-ს რეზოლუციაში იყო მხარდაჭერა, მაშინაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ქართულ ჯარს დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა 1633 რეზოლუციის მხარდაჭერით და ზუსტად ამ ხაზის გაგრძელებაა დღეს, არამხოლოდ 2008 წლის ომის დანაშაულების დაბრალებას დასჯერდნენ, ახლა უკვე ბარამიძის ხელით გადასწვდნენ 90-იან წლებს, აფხაზეთის ომს და იქ დაიწყეს ომის დანაშაულების დაბრალება. არავინ ეკითხება ბარამიძეს, არც ამ აქტივისტურ პოლიტიკურ ჯგუფებს, რას, როგორ იტყვიან, ეს ყველაფერი გამზადებული, შეფუთულია, მისდით მათ, რა უნდა თქვან, ვის - რა უნდა დააბრალონ და როდის, რა უნდა „გაათეთრონ“ და როდის, რა უნდა „გააშავონ“. ასე რომ, აქ საფიქრალი ის არის, საიდან მოდის ეს დავალება, რატომ ალაპარაკეს ბარამიძეს ის, რაც ილაპარაკა.

[რუსეთი ოკუპანტი რომ არის] ჩვენ კი არ ვახსენეთ, ჩვენ ეს დავამტკიცეთ სასამართლოთი, არათუ ნახსენებია, ეს არის დამტკიცებული, ვინც ბევრს ლაპარაკობს, სინამდვილეში კი ოკუპანტის საქმეს აკეთებს, ეტყობა კიდეც გია ბარამიძეს თავის განცხადებებში. ჩვენ არათუ ვსაუბრობთ, ჩვენ ეს დავამტკიცეთ სასამართლოში. ვინ დაამტკიცა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი? - „ქართულმა ოცნებამ“ - სტრასბურგის სასამართლოში. ვინ დაამტკიცა, რომ რუსეთმა 2008 წელს ომის დანაშაულები ჩაიდინა? – „ქართულმა ოცნებამ“ ჰააგის სასამართლოში. ის სააკაშვილის გაფუჭებული საქმის გამოსწორებით იყო წლების განმავლობაში დაკავებული. ეს პროცესები, როგორც სტრასბურგში, ასევე ჰააგაში იყო უიმედო, რადგან მტკიცებულებები გაფლანგული, გატანილი, გადაცემული ჰქონდათ სხვა ქვეყნებისთვის, თავისი მიზნებისთვის და არა საქართველოს მიზნებისთვის. ამ ყველაფრის შემობრუნება მოუწია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, იუსტიციის სამინისტროს და მოვიგეთ ყველა სასამართლო პროცესი, რომელიც დიდი ალბათობით, განზრახაც იყო ასე გაკეთებული, რომ საბოლოოდ საქართველო დამარცხებულიყო, მაგრამ შემოტრიალდა, პირიქით, ეს შეძლო „ქართულმა ოცნებამ“, რომ დაამტკიცა ოკუპაციაც და რუსეთის მიერ ომის დანაშაულის ჩადენა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.