სალომე სამადაშვილი - ივანიშვილმა საქართველო, რომელიც ყველაზე მყარი მოკავშირე და სანდო პარტნიორი იყო დასავლეთისთვის რეგიონში, რუსეთის და ირანის სისხლიანი რეჟიმების ფულის სამრეცხაოდ აქცია - Palitra News

სალომე სამადაშვილი - ივანიშვილმა საქართველო, რომელიც ყველაზე მყარი მოკავშირე და სანდო პარტნიორი იყო დასავლეთისთვის რეგიონში, რუსეთის და ირანის სისხლიანი რეჟიმების ფულის სამრეცხაოდ აქცია

2026-08-09 13:55:55+04:00

ბიძინა ივანიშვილმა საქართველო, რომელიც ყველაზე მყარი მოკავშირე და სანდო პარტნიორი იყო დასავლეთისთვის რეგიონში, რუსეთის და ირანის სისხლიანი რეჟიმების ფულის სამრეცხაოდ აქცია, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილი გამოეხმაურა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანიის დასანქცირებას.

სამადაშვილის თქმით, საქართველოში ოპოზიცია დიდი ხანია საუბრობს, რომ ქვეყნის „ინფრასტრუქტურის გამოყენება ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა“.

სამადაშვილი ფიქრობს, რომ „გვაქვს სისტემატური გამოწვევა“. ოპოზიციონერის თქმით, სანქციების მიღება მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ქვეყნის ხელისუფლება „ადეკვატურად არ რეაგირებს“.

„ბიძინა ივანიშვილმა, საქართველო, რომელიც იყო ყველაზე მყარო მოკავშირე და სანდო პარტნიორი დასავლეთისთვის რეგიონში, აქცია რუსეთის და ირანის სისხლიანი რეჟიმების ფულის სამრეცხაოდ”, - აცხადებს სამადაშვილი.

ის არ გამორიცხავს, რომ მომავალში დღის წესრიგში დადგეს ფინანსური სექტორის სანქცირება.

„თუ არ აღმოიფხვრა სანქციების თავის არიდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გამოყენებით, დასავლეთს შეუძლია ყველა კრიპტოსაწარმოს სანქცირება გაკეთოს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ოპერირებს. ასევე, მომავალში არ არის გამორიცხული დღის წესრიგში დადგეს უკვე ფინანსური სექტორის სანქცირება”,-აცხადებს სამადაშვილი.

აშშ-მა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანხამად, სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მიზანში კრიპტოკომპანიები ამოიღო, რომლებიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ აფინანსებენ და უკანონო ფინანსებს უწყობენ ხელს.

დასანქცირებულ პირთა შორის არის ირანში დაბადებული სიავაშ კაივანპური, რომელსაც დამატებით გააჩნია დომინიკისა და ავღანეთის მოქალაქეობები და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობს. კაივანპური კომპანიების მრავალეროვან ქსელს მართავს, რომელიც მხარს უჭერენ ციფრული ვალუტის უკანონო აქტივობას.

საპასუხოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ სანქცირებული პირი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებულ სუბიექტს.

სებ-ის ქვეყნის ტერიტორიაზე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქმიანობა წარმოადგენს მკაცრად რეგულირებად სფეროს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს ამ ტიპის საქმიანობას, უნდა გაიაროს სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში.

კერძოდ, ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებულ სუბიექტს - შპს „შელბითს“ (SHPS SHELBIT) - ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მოუმართავს და შესაბამისად ის არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტს.

ამასთან, სებ-ის თანახმად, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ კომპანიას გაუქმებული აქვს რეგისტრაცია.