მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს, თუ რაიმე სახით ირანის მხრიდან ფინანსური ინსტიტუტები აძლიერებს ზუსტად ბიძინა ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანიის დასანქცირება.
როგორც დეკანოიძემ განაცხადა, საქართველომ ხელისუფლებამ ასევე არ გაითვალისწინა ყულევის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან გაფრთხილება.
„მაგალითად, ვიხილეთ რაც მოხდა ყულევის ნავთობტერმინალზე, როდესაც არაერთი გაფრთხილება მიიღო საქართველომ ევროკავშირისგან, მაგრამ ეს გაფრთხილებები არაფრად ჩათვალა. ასევე, ვიცით, რომ ირანის ძალიან ბევრი კომპანია, ბიზნესი არის გახსნილი საქართველოში. ფიქტიური კომპანიებია ისეთ მისამართებზე გახსნილი… მაგალითად, ერთ სოფელში, ერთ ქუჩაზე რამდენიმე კომპანიაა გახსნილი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს, თუ რაიმე სახით ირანის მხრიდან ფინანსური ინსტიტუტები აძლიერებს ზუსტად ბიძინა ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას“, - განაცხადა დეკანოიძემ “ტვ. პირველთან“.
აშშ-მა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მიზანში კრიპტოკომპანიები ამოიღო, რომლებიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ აფინანსებენ და უკანონო ფინანსებს უწყობენ ხელს.
დასანქცირებულ პირთა შორის არის ირანში დაბადებული სიავაშ კაივანპური, რომელსაც დამატებით გააჩნია დომინიკისა და ავღანეთის მოქალაქეობები და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობს. კაივანპური კომპანიების მრავალეროვან ქსელს მართავს, რომელიც მხარს უჭერენ ციფრული ვალუტის უკანონო აქტივობას.
საპასუხოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ სანქცირებული პირი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებულ სუბიექტს. სებ-ის
ქვეყნის ტერიტორიაზე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქმიანობა წარმოადგენს მკაცრად რეგულირებად სფეროს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს ამ ტიპის საქმიანობას, უნდა გაიაროს სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში.
კერძოდ, ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებულ სუბიექტს - შპს „შელბითს“ (SHPS SHELBIT) - ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მოუმართავს და შესაბამისად ის არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტს.
ამასთან, სებ-ის თანახმად, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ კომპანიას გაუქმებული აქვს რეგისტრაცია.