საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული პოლიტიკური ძალებისთვის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კონკრეტული პირებისთვის, 2008 წლის ომი და მისი შედეგები საქართველოში ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. კირცხალია ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს გამოეხმაურა. მისი თქმით, 2008 წლის ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, 120-ზე მეტი სოფლის საოკუპაციო ხაზს მიღმა მოქცევა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, ათასობით დაღუპული და დაჭრილი და დაახლოებით 30 000 დევნილი საკმარისი მიზეზი უნდა ყოფილიყო რადიკალური ანტირუსული განწყობებისთვის. მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“, მისი მოკავშირეები, არც 2008-2012 წლებში და არც დღეს დამოუკიდებლად არ მოქმედებენ.