სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო სავარძლების გამოყენება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს - Palitra News

სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო სავარძლების გამოყენება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

2026-08-11 19:22:03+04:00

იგეგმება საბავშვო სავარძლების გამოყენების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რომლის მიხედვით, საწყის ეტაპზე, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო სავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება.

ამის შესახებ საუბარია მთავრობის მიერ 5 აგვისტოს დამტკიცებულ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიაში.

“საგზაო მოძრაობის მონაწილეების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს განეკუთვნებიან ქვეითები, ბავშვები, პირები რომლებიც მართავენ ორთვლიან სატრანსპორტო საშუალებას (მოტოციკლი, მოპედი, ელექტროსკუტერი სხვა) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდეს სწორედ აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელთა უსაფრთხოებაზე.

ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, განხორციელდება შესაბამისი საგანმანათლებლო ინიციატივები მათ შორის საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო რესურსების ერთიანი ონლაინ პლატფორმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მშობლებზე, ისე ბავშვებზე ადაპტირებული და ეფექტური სწავლების შესაძლებლობას. ამავე კონტექსტში, განხორციელდება საგზაო უსაფრთხოების თემატიკის ინტეგრირება სკოლამდელი განათლების პროგრამებში, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო ქცევის ჩვევების ჩამოყალიბებას ადრეული ასაკიდანვე.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა და მომავალში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ორიენტირებული და ადაპტირებული იყოს მოწყვლადი ჯგუფების უფრო მეტად დაცვაზე. დამატებით, განხორციელდება სოციალური კამპანიები ქვეითების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაცვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

ასევე, ელექტროსკუტერის მომხმარებელთა შორის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და ფატალური შედეგების გლობალური ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, განხორციელდება მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს სიღრმისეული ანალიზი და შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია მთავრობის სტრატეგიაში.