ახალბედა მძღოლებისთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის დანერგვა იგეგმება. კერძოდ, ახალბედა მძღოლების მიერ ჩადენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების მიმართ დიფერენცირებული და უფრო მკაცრი სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების გამოყენება იგეგმება, მათ შორის ფინანსური სანქციების გამკაცრების და მართვის მოწმობის ქულების გაზრდილი რაოდენობით ჩამოკლების გზით. ცვლილებების შემთხვევაში, მძღოლებს შესაძლოა ავტომობილში ე.წ. “ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ დაყენების ვალდებულება დაეკისროთ, რაც მათ ალკოჰოლური თრობის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების ძრავის ამოქმედების შესაძლებლობას არ მისცემს.