პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა და საქართველოს ისტორიული კუთხეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. კობახიძის შეფასებით, ამ მოვლენების მიზანი საერთაშორისო დონეზე ქვეყნების დაპირისპირება და საქართველოში საზოგადოების რადიკალიზაცია იყო. მორიგ განცხადებას ავრცელებს შალვა პაპუაშვილიც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ქვეყანა „უმძიმეს სამხედრო ავანტიურაში“ შეიყვანა, ბრძოლის ველზე მარცხი განიცადა და ომის დასრულებისასაც ვერ შეძლო ქვეყნის ინტერესების დაცვა.