გრიგოლ გეგელია - ევროკავშირის ანგარიში ამბობს, რომ არაფერი დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოს აღარ აქვს შერჩენილი - საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დასრულებულია! - Palitra News

გრიგოლ გეგელია - ევროკავშირის ანგარიში ამბობს, რომ არაფერი დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოს აღარ აქვს შერჩენილი - საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დასრულებულია!

2026-08-12 16:26:43+04:00

ეს არის ანგარიში, რომელიც უკვე პრაქტიკულად ღიად და ფორმალურად ამბობს, რომ არაფერი დემოკრატიული და არაფერი თავისუფალი საქართველოს აღარ აქვს შერჩენილი და რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა არის დასრულებული, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის 2025 წლის ანგარიშს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ჩვენ აღარ ვართ არც მოჩვენებითი ავტორიტარიზმის ფაზაში, არამედ გადავედით უკვე სრულყოფილი დიქტატურის ფაზაში“.

„ეს არის ანგარიში, რომელიც უკვე პრაქტიკულად ღიად და ფორმალურად ამბობს, რომ არაფერი დემოკრატიული და არაფერი თავისუფალი საქართველოს აღარ აქვს შერჩენილი და რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა არის დასრულებული.

ჩვენ აღარ ვართ არც მოჩვენებითი ავტორიტარიზმის ფაზაში, არამედ გადავედით უკვე სრულყოფილი დიქტატურის ფაზაში და აღარც მოჩვენებითი ევროინტეგრაციის ფაზაში, რადგანაც გადავედით სრულად შეჩერებული პროცესის მდგომარეობაში, სადაც ხელისუფლების კურსის გამო ერის არჩევანის წინააღმდეგ ევროპული ინტეგრაციის კურსი არის უბრალოდ სრულად შეჩერებული. ვიდრე ეს კურსი იქნება ადგილზე, ვიდრე არ შეიცვლება ეს რეჟიმი, არავითარი ევროპული ინტეგრაცია არც წელს, არც გაისად, არც 2030 წელს და არც არასდროს მანამ, სანამ ეს რეჟიმი მართავს საქართველოს, არავითარი ევროპული კურსი არ იარსებებს. ეს დასკვნა ამბობს ორ ძირითად რამეს: ქართული დემოკრატია სრულად არის განადგურებული, და მეორე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა სრულად არის შეჩერებული.

შესაბამისად, ახლა ჯერი არის ჩვენზე, ქართველ ხალხზე და ჩვენს ჯეროვან, ღირსეულ, პრინციპულ ნაბიჯებზე, რომელმაც ეს ქვეყანა უნდა გაათავისუფლოს რუსული სახადისგან და რომელმაც უნდა აღადგინოს ეროვნული და ევროპული პრინციპები“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ინფორმაციისთვის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 2025 წლის საქართველოს ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებს ასახავს, ნათქვამია, რომ „საქართველოში 2025 წელს ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა რეპრესიული ქმედებებითა და კანონებით“.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ქმედებები არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის თანასწორობასა და დისკრიმინაციის აკრძალვას, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, ასევე პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას.