„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დათქმულ ვადაში ვერ დასრულდება. როგორც პოლიტიკოსი აცხადებს, გადაკეტილია ქალაქის ცენტრი, მილიონობით ლარი იხარჯება, ამის ფონზე კი კონტრაქტორი კომპანია უკვე მეოთხედ არღვევს ხელშეკრულების პირობას და საპასუხოდ მცირე თანხით ჯარიმდება. თბილისის მერიამ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „სმარტ სოლუშენი“ დააჯარიმა. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საჯარიმო წერილიდან ირკვევა. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, კომპანიას 1 583 ლარის ჯარიმა დაეკისრა. როგორც მედია წერს, წერილში განმარტებულია, რომ 7 აგვისტოს ბესიკისქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთზე განხორციელდა ინსპექტირება და დადგინდა, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა.