გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი - კლინიკის ინფორმაციით, მათგან 6 პედიატრიული ასაკისაა - Palitra News

გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი - კლინიკის ინფორმაციით, მათგან 6 პედიატრიული ასაკისაა

2026-08-13 10:23:32+04:00

გვიან ღამით, გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 11 პირი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის 6 პაციენტი პედიატრიული ასაკისაა.

ამის შესახებ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტოლოგმა ანა კოჩაძემ განაცხადა.

“ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში შემოყვანილია 11 პაციენტი, აქედან 6 პაციენტი არის პედიატრიული ასაკის, 5 კი მოზრდილი. აქედან, 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც შედარებით მძიმე პაციენტები არიან, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევების გაღრმავება“,- აღნიშნა ექიმმა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გარდა, რამდენიმე დაშავებული ჩოხატაურის კლინიკაშიც გადაიყვანეს.

ინფორმაციისთვის, წუხელ, გომის მთაზე ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

არსებული ცნობებით, მიკროავტობუსს საქართველოს მოქალაქე მართავდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლები იმყოფებიან. შსს-გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.