ეს არის რეჟიმი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არსებული საწვავის დეფიციტის ფონზე საოკუპაციო რეჟიმისთვის მთავარ მაშველ რგოლად გვევლინება. ეს მხოლოდ მტერთან კოლაბორაცია კი არა, ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან იმ ფაქტის დადასტურებას გამოეხმაურა, რომ ქართულმა ბიზნესმა აფხაზეთში საწვავი შეიტანა.
მისივე თქმით, კობახიძის მხრიდან ოკუპაციის კანონზე საუბარი არის ცინიზმი, ფარისევლობა და ეროვნული ინტერესების ღალატი.
„ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა უბადრუკი პაექრობა გამართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, პუტინის პირად ტყვესთან, მიხეილ სააკაშვილთან. ადამიანთან, რომელმაც ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანა, ჩაბნელებული საქართველო გაანათა და რუსული აგრესიის დროს ქვეყანა გადაარჩინა. მაშინ მის გვერდით რუსთაველის გამზირზე ევროპის ხუთი პრეზიდენტი იდგა.
„ოცნება“ არის რეჟიმი, რომელსაც სააკაშვილის აჩრდილისაც კი ეშინია და ამავდროულად, გვეუბნება, რომ რუსეთს „ოკუპანტსა“ და „მტერს“ თუ ვუწოდებთ, ეს თურმე რუსოფობიაა.
ეს არის რეჟიმი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არსებული საწვავის დეფიციტის ფონზე საოკუპაციო რეჟიმისთვის მთავარ მაშველ რგოლად გვევლინება. ეს მხოლოდ მტერთან კოლაბორაცია კი არა, ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატია.
ამ ყველაფრის ფონზე კობახიძე აცხადებს, რომ საწვავის მიწოდება ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვით ხდება. იგივე კობახიძე იყო ის ადამიანი, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი გავრილოვს დაუთმო, რასაც მასობრივი პროტესტი და ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკი დარბევა, მათ შორის ადამიანებისთვის თვალების დათხრა მოჰყვა.
კობახიძის მხრიდან ოკუპაციის კანონზე საუბარი არის ცინიზმი, ფარისევლობა და ეროვნული ინტერესების ღალატი“,-აღნიშნა ფარულავამ.
ცნობისთვის, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. გუშინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა დააკონკრეტა, რომ საწვავი არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა კანონის დაცვით შეიტანა.