თუ საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში შესულია როგორც ეკონომიკური ტვირთი და არა როგორც ჰუმანიტარული ტვირთი, თუ მას ე.წ. საბაჟო პროცედურები აქვს გავლილი ე.წ. საზღვარზე, რომელიც რეალურად საოკუპაციო ხაზია, ეს შეიძლება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოებისთვის საგანგაშო მაჩვენებელი იყოს - პასუხისმგებლობიანმა ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ამ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი! - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
მისივე თქმით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, აღნიშნული ტვირთი მოხმარდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ის ჰუმანიტარული მიზნებით დაიხარჯა თუ მოხმარდა რუსეთის ფედერაციის სამხრეთ რეგიონების კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ომის წარმოებას.
“საკითხი ორ ნაწილად უნდა გაიმიჯნოს. მთავარია, “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არ დაირღვეს. თუ ტვირთვის მოძრაობა ჰუმანიტარული მიზნით განხორციელდა, ამაში გასაკვირი არაფერია. თქვენ იცით, რომ საქართველო არა ერთ ასეთ ჰუმანიტარულ პროექტშია ჩართული, მათ შორის ვაფინანსებთ ჩვენი თანამოქალაქე აფხაზების მკურნალობას, ენგურჰესის ელექტროენერგიას ვიღებთ ჩვენ და იღებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ჩვენი მოსახლეობა. ამიტომ აქ განსაკუთრებული არაფერია. აქ მთავარია, რომ პროცესი ფარულად მიმდინარეობს. არ ვიცით, რა ოდენობის საწვავის მიწოდებაზეა საუბარი, რომელი ბიზნეს სუბიექტები იყვნენ ჩართული და რა პროცედურების გავლით შევიდა საწვავი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.
ამიტომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს, რომელმა ბიზნეს სუბიექტებმა განახორციელეს ტვირთის შეტანა, განხორციელდა თუ არა ტვირთის ჰუმანიტარული მიზნით შეტანა, რა ოდენობის ტვირთზეა საუბარი, რა პროცედურა გაიარა ამ ტვირთმა და რა არის მისი საბოლოო დანიშნულება.
მთელი ამ ხნის განმავლობაში რომ გვარწმუნებდნენ, რომ „დიფ-სტეითს“ ჩვენი ომში ჩართვა სურს, შემთხვევით ირაკლი კობახიძე ხომ არ არის ის პრემიერ მინისტრი, რომელიც საქართველოს რთავს ომში, ოღონდ რუსეთის ფედერაციის მხარეს?!“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. 12 აგვისტოს, მთავრობს ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ საწვავი არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა კანონის დაცვით შეიტანა.