თაზო დათუნაშვილი - შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ კორუფცია არსად გამქრალა, კობახიძის განცხადება, თითქოს მან ეს ყველაფერი ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს წყალივით გაატანა, არის ტყუილი - ყველა დონეზე აბსოლუტურად ყველა სახეობის კორუფცია ისევ არსებობს! - Palitra News

თაზო დათუნაშვილი - შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ კორუფცია არსად გამქრალა, კობახიძის განცხადება, თითქოს მან ეს ყველაფერი ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს წყალივით გაატანა, არის ტყუილი - ყველა დონეზე აბსოლუტურად ყველა სახეობის კორუფცია ისევ არსებობს!

2026-08-13 16:53:34+04:00

საქართველოში სანამ „ქართული ოცნება“ იქნება, კორუფცია იქნება ცხოვრების წესი და მთავრობასა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობის ფორმა. თქვენ ხარჯზე გამდიდრდება მთავრობა მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აბსოლუტურად ყველა ფორმა და სახეობა კორუფციისა, ისევ ყველა დონეზე არსებობს.

„შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ არავითარი კორუფცია ანუ ამ მთავრობის მოქმედების მთავარი ეთიკური ხაზი არსად გამქრალა. 2026 წელი რომ ავიღოთ მხოლოდ, ჩვენ გვაქვს ფაქტების მთელი სია. დაწყებული უეცარი გამდიდრებებით, გაგრძელებული კანონის, საპრივატიზაციო წესების მორგებით და დამთავრებული რამდენიმე ათეული მილიონის საჩუქრებით, უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებზე - აბსოლუტურად ყველა ფორმა და სახეობა კორუფციისა, ისევ ყველა დონეზე არსებობს. განსაკუთრებით, საგანგაშო და თვალშისაცემია ეს ზედა და საშუალო რგოლებში. საუბარი არის 60-ზე მეტ დეპუტატზე, 50-მდე მთავრობის წარმომადგენელზე, ადამიანებზე, რომლებიც მთავრობის წევრებად ითვლებიან, უმაღლესი დონის ჩინოვნიკებზე, ლაპარაკი არის ყველაფერზე. დაწყებული ოჯახის წევრების უეცარი საჩუქრებით, გაგრძელებული კლასიკური კორუფციული ფაქტებით, როგორიცაა ტენდერებში გამარჯვება უკონკურენტოდ და ა.შ.

იმ წელს მხოლოდ, რომელ წელსაც მთელი წელია იკვეხნის ირაკლი კობახიძე, რომ მან დაამარცხა კორუფცია, თითქოს ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს გაატანა წყალივით ეს ყველაფერი, არის აბსოლუტური ტყუილი და ჩვენი მოსახლეობის კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანა. საქართველოში სანამ „ქართული ოცნება“ იქნება, კორუფცია იქნება ცხოვრების წესი და მთავრობასა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობის ფორმა. თქვენ ხარჯზე გამდიდრდება მთავრობა, მანამ სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში. ფაქტებით დასტურდება, რომ ეს ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რომ კორუფცია დამარცხდა“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების განახლებული სია გამოაქვეყნა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, 2026 წლის 30 ივლისის მდგომარეობით აღრიცხულია ელიტური კორუფციის 340 სავარაუდო შემთხვევა, სადაც “ქართული ოცნების“ 283-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს - მათ შორის 42 მთავრობის წევრი, 58 დეპუტატი, 20 მოსამართლე და 81 მუნიციპალური დონის მაღალჩინოსანი.