რომან გოცირიძე - აფხაზეთში საწვავის შეტანის მაქინაციაში ხელისუფლებამ სპეციალური რეჟიმის მქონე შპს გამოიყენა, რომელსაც აფხაზეთთან სავაჭრო ურთიერთობების ნებართვა ჰქონდა - Palitra News

რომან გოცირიძე - აფხაზეთში საწვავის შეტანის მაქინაციაში ხელისუფლებამ სპეციალური რეჟიმის მქონე შპს გამოიყენა, რომელსაც აფხაზეთთან სავაჭრო ურთიერთობების ნებართვა ჰქონდა

2026-08-13 19:03:09+04:00

აფხაზეთში საწვავის შეტანის მაქინაციაში ხელისუფლებამ სპეციალური რეჟიმის მქონე შპს გამოიყენა, რომელსაც აფხაზეთთან სავაჭრო ურთიერთობების ნებართვა ჰქონდა, - ამის შესახებ ეკონომისტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

რომან გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ სინამდვილეში რეალური მიმწოდებელი არის მსხვილი ქართული ნავთობიმპორტიორი კომპანია, რომელმაც სანქციების შიშით ამ „შემოვლითი გზით გაუმართა ხელი სეპარატისტულ რეჟიმს“.

რომან გოცირიძის თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ რუსეთის დავალებით იმოქმედა.

„როგორც ირკვევა, აფხაზეთში საწვავის შეტანის მაქინაციაში ხელისუფლებამ სპეციალური რეჟიმის მქონე შპს გამოიყენა, რომელსაც აფხაზეთთან სავაჭრო ურთიერთობების ნებართვა ჰქონდა. იბადება კითხვა-ამ ჯიხურის სიდიდის სამეწარმეო სუბიექტმა სად იშოვა ამდენი საწვავი? ხომ არ ნიშნავს ეს, რომ სინამდვილეში რეალური მიმწოდებელი არის მსხვილი ქართული ნავთობიმპორტიორი კომპანია, რომელმაც სანქციების შიშით ამ შემოვლითი გზით გაუმართა ხელი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე აფხაზეთის სეპარატისტულ წარმონაქმნს? აშკარაა, რომ „ოცნების” ხელისუფლებამ რუსეთის დავალებით იმოქმედა“, - წერს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. 12 აგვისტოს, მთავრობს ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ საწვავი არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა კანონის დაცვით შეიტანა.