აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დრონებისა და მათი კომპონენტების იმპორტზე ტარიფებს დააწესებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ტრამპის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ქვეყანა „ძალიან არის დამოკიდებული“ დრონების უცხოურ წყაროებზე. თეთრი სახლის ცნობით, ტრამპის მიერ ხელმოწერილი პროკლამაცია აწესებს 100%-იან ტარიფს (ღირებულების მიხედვით დაწესებულ გადასახადს) გარკვეული ზომის ან გარკვეული შესაძლებლობების მქონე დრონებზე, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებით მგრძნობიარე კატეგორიას მიეკუთვნება. ამასთან, უფრო მცირე ზომის დრონებზე 25%-იანი ტარიფი დაწესდება. თეთრი სახლის ცნობით, ევროკავშირიდან, იაპონიიდან, ლიხტენშტეინიდან, სამხრეთ კორეადან, შვეიცარიასა და ტაივანიდან იმპორტირებულ დრონებსა და მათ კომპონენტებზე 15%-იანი ტარიფი დაწესდება, გაერთიანებული სამეფოდან იმპორტირებულ დრონებზე კი - 10%-იანი. ტრამპის განმარტებით, ვაჭრობის მინისტრმა ჰოვარდ ლუტნიკმა გამოიკვლია დრონების იმპორტის შედეგები.