გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორი - მოწმემ დაადასტურა თანხის გადაცემის ფაქტი - რომეო მიქაუტაძეს ანგარიში არ ჩაუბარებია, თუ კონკრეტულად ვისთან მიჰქონდა თანხა, თუმცა “შეფუთა“ სახელმწიფო ინტერესად - Palitra News

გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორი - მოწმემ დაადასტურა თანხის გადაცემის ფაქტი - რომეო მიქაუტაძეს ანგარიში არ ჩაუბარებია, თუ კონკრეტულად ვისთან მიჰქონდა თანხა, თუმცა “შეფუთა“ სახელმწიფო ინტერესად

2026-08-14 16:49:15+04:00

მოწმემ პირდაპირ მიუთითა იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რაც ბრალდების შესახებ დადგენილებაშია ასახული, მის მიერ მონათხრობი ემყარება და თანხვედრაშია იმ სხვა ინფორმაციასთან, რაც სისხლის სამართლის საქმეშია - მოწმემ განმარტა, რომ მას პირადად ჰქონდა კავშირი და ურთიერთობა გრიგოლ ლილუაშვილთან, მათ შორის იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც ბრალად არის შერაცხილი, პირადად გადასცა და დავალებითაც პირადად მიიღო, რომ მოეთხოვა კონკრეტული თანხები მეწარმე პირებისგან , - ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა.

პროკურორის თქმით, მოწმემ განაცხადა, რომ თავად რომეო მიქაუტაძემ გადასცა გრიგოლ ლილუაშვილის თანხა.

„ერთ-ერთი პირია დაკითხული, რომელმაც ისაუბრა იმ დეტალებზე: თუ როგორ გამოართვა რომეო მიქაუტაძემ თანხა, როგორ „შეიფუთა“ ეს სახელმწიფოს ინტერესად. ანალოგიური ფრაზა გაიმეორა დღეს დაკითხულმა მოწმემაც. ანუ მათ ჩვენებებს შორის აბსოლუტური თანხვედრაა. რა თქმა უნდა, რომეო მიქაუტაძეს ანგარიში არ ჩაუბარებია იმისთვის, თუ კონკრეტულად ვისთან მიჰქონდა თანხა, თუმცა „შეფუთა“ როგორც სახელმწიფო ინტერესი. მოწმემ დაადასტურა თანხის გადაცემის ფაქტი და ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ მოახდინა ამ საკმაოდ სოლიდური თანხის აკუმულირება და გადაცემა.

რაც შეეხება [თურქ ბიზნესმენს] რაც შეეხება ამ პიროვნებას, საქართველოში არ იმყოფებოდა იმ პერიოდში, როდესაც ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა დასაკითხ პირთა სიაში არის“,- განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება რომეო მიქაუტაძის დისტანციურად დაკითხვას, პროკურორის თქმით, ეს მოწმის არჩევანია თუ როგორ მისცემს სასამართლოში ჩვენებას.

„ამ შემთხვევაში წარმოდგენილი იყო მოწმის განცხადება, სადაც ის უთითებდა, რომ სურვილი ჰქონდა, მისი დაკითხვა დისტანციურად მომხდარიყო. მიზეზი განცხადებაში მითითებული არ იყო, თუმცა ბრალდების მხარე მოწმის ამ პოზიციას დაეთანხმა. რატომ? აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ზოგადად, მხარეთა შორის პროცესი მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც მე, ისე ადვოკატებსა და ბრალდებულს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მოწმეებს დაუსვან კითხვები და მიიღონ მათგან პასუხები. დისტანციურად დაკითხვის შემთხვევაში ეს უფლება ორივე მხარისთვის რეალიზებულია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოწმე იყოს იმ პირობებში, სადაც თავისუფალი ნების ფარგლებში მიაწვდის სასამართლოს ინფორმაციას. ჩემთვის მთავარია, მოწმემ ისაუბროს სიმართლე, ხოლო ამ სიმართლეს დისტანციური ჩართვის ფარგლებში, პენიტენციური დაწესებულებიდან მიაწვდის, სადაც აბსოლუტურად დაცულია ყველა სათანადო ზომა, თუ სასამართლოს სხდომის დარბაზიდან, ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მით უმეტეს ამ კატეგორიის საქმეზე, როდესაც ჩვენ არ ვსაუბრობთ რაიმე ძალადობრივ დანაშაულზე, სადაც მოწმის ქცევას აქვს მნიშვნელობა.

ბრალდების მხარემ სრულად დაასრულა დღეს მოწმის დაკითხვა. დაცვის მხარემ ითხოვა, რომ გამოეძახათ რომეო მიქაუტაძე და პირადად შესძლებოდათ მისთვის კითხვების დასმა. ასევე, დროც არ ეყოფოდათ და აქედან გამომდინარე, ითხოვეს გადადება, ვინაიდან არ სურდათ დაკითხვის გაწყვეტა. პროცესი გადაიდო ორშაბათს, 12:00 საათზე. სასამართლო ხელახლა გამოიძახებს მოწმეს, თუმცა ეს უკვე მისი გადასაწყვეტია დისტანციურად მოითხოვს დაკითხვას თუ გამოცხადდება. თუ მოწმე უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე, ამ შემთხვევაში შესაძლოა ის იძულებით იქნეს მოყვანილი. მაგრამ მოწმე არ აცხადებს უარს ჩვენების მიცემაზე, ის უბრალოდ ირჩევს ისეთ ფორმას, სადაც შეძლებს თავისუფლად ისაუბროს.

ამიტომ, ბრალდების მხარის მოტივაცია, ვინაიდან გვსურს ამ ადამიანისგან ვიხილოთ სიმართლე ზეწოლის გარეშე, ბუნებრივია, არის ის, რომ ამ ფორმატით ჩვენების მიცემა მისაღებია. ასევე მისაღებია, თუ ის გამოცხადდება და შეძლებს სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია. რაიმე პრინციპული დამოკიდებულება ამ კუთხით არ გვაქვს. რაც შეეხება ვალდებულებას, სასამართლომ, როგორც განმარტა, გამოიძახებს მას. თუ მოვა, გავაგრძელებთ დაკითხვას, სხვა შემთხვევაში მოხდება ჩართვა“,- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.