„საქართველოს რკინიგზის“ მგზავრებს, შესაძლოა, დაგვიანების შემთხვევაში, კომპენსაციით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეთ.
სარკინიგზო საწარმოს მიზეზით დაგვიანების, ადგილზე 60 წუთით ან მეტი ხნით გვიან ჩასვლის შემთხვევაში მგზავრს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება ექნება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებულ „რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესშია“ აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, მგზავრისთვის გადასახდელი კომპენსაციის მინიმალური ოდენობაა: ბილეთის საფასურის 25% − 60 წუთიდან 120 წუთამდე დაგვიანებისთვის, ხოლო ბილეთის საფასურის 50% − 120 წუთით ან უფრო მეტი ხნით დაგვიანებისთვის.