კახა კალაძე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით „ძლიერი საქართველო - ლელოს“ სარჩელზე - ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხომ იქნა მიღებული, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ! - Palitra News

კახა კალაძე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით „ძლიერი საქართველო - ლელოს“ სარჩელზე - ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხომ იქნა მიღებული, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ!

2026-08-17 14:38:37+04:00

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდი არ განიხილავს გადაწყვეტილების გადახედვას, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.

კალაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას, მისი მნიშვნელობა კარგად იყო ახსნილი.

„ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხომ იქნა მიღებული. რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ! ხომ იქნა ახსნილი, რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული და რატომ არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ის ქმედებები, ის ნარატივი, რაც გარედან პატრონების დავალებით მოდის და აჟღერებს შიდა აგენტურა, ყველაფერი ცხადი და ნათელია. დღეს საზოგადოებას ძალიან მარტივად შეუძლია გააკეთოს სწორი ანალიზი და დასკვნები“,- განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ შექმნილი გეოპოლიტიკური და რეგიონული ვითარების გათვალისწინებით, დგამს ნაბიჯებს, რომლებიც ორიენტირებულია ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესზე.

„ჩვენი გადადგმული ყველა ნაბიჯებით და იმ პოლიტიკით, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება- დემოკრატიული“ საქართველო, იმ გამოწვევების ფონზე, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან, იმ გამოწვევების ფონზე, რაც გვაქვს მსოფლიოში, რეგიონში, რა მტრული ინტერესებიც იკვეთება ქვეყანასთან მიმართებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარედან, ყოველთვის გათვალისწინებული იქნება, პირველ რიგში, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საქართველოს და ჩვენი ხალხის ინტერესები“.- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, კოალიციამ „ძლიერი საქართველო - ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რითაც „ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების წართმევას“ ასაჩივრებენ.

როგორც „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, „რეჟიმი ცდილობს, რომ მოქალაქეებს შეუზღუდოს და წაართვას არჩევნებში მონაწილეობის უფლება“.

„ჩვენი კოალიცია იწყებს სამართლებრივ ბრძოლას ჩვენი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად“, - განაცხადა სიორიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 17 დეკემბერს მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.